სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს
სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
დოკუმენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააფორმეს.
ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა ურთიერთობების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
„ჩვენ ვქმნით აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავაფართოვოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში: ეკონომიკაში, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საკითხებში“, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს უფრო მდგრადი, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასიის შექმნას.
„სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მტკიცე საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას და მას უფრო ამბიციურს ხდის. დოკუმენტი მოიცავს მრავალ სფეროს, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალტექნოლოგიების განვითარებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გაფართოებას“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.