სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სექტორში - ტრანსპორტის, ტურიზმის, ისევე როგორც ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანმა. შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არაერთი მიმართულებისა და პრიორიტეტული საკითხის შესახებ იმსჯელეს.
„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანთან, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების და კავშირების გაღრმავებაზე. ცხადია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სექტორში - ტრანსპორტის, ტურიზმის, ისევე როგორც ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ სომხეთთან არსებული ურთიერთობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქართული პროდუქციის სომხეთში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, რაც, რა თქმა უნდა, გააძლიერებს ქართველ მეწარმეებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს როლს და მის კონტრიბუციას რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით, განსაკუთრებით იმ ჟესტის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო სიმბოლური ტარიფის დაწესებით აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით. როგორც აღინიშნა, საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში იმპორტის, ექსპორტის, ისევე როგორც ტრანზიტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველო განაგრძობს, იყოს ძალიან სანდო პარტნიორი, განსაკუთრებით როგორც დამაკავშირებელი, ტრანზიტული ქვეყანა სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
„ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გეგმა გვაქვს, მათ შორის ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე, რაც უზრუნველყოფს ზოგადად ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას ერთი მხრივ ელექტროენერგიის და მეორე მხრივ გაზმომარაგების თვალსაზრისით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმა, ასევე საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძემ.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდა
20.04.2026.14:09
თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი ერევნის მერს ტიგრან ავინიანს, ვიცე-მერს არმენ პამბუხჩიანს და მერის მოადგილეს ლევონ ოჰანესიანს შეხვდნენ.
საკრებულოს დელეგაციასთან ერთად, ერევანში საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძეც იმყოფებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება იმ რეფორმების შესახებ გაუზიარეს, რომელიც თბილისსა და ერევანში მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება.
თბილისის საკრებულოს დელეგაციისა და ერევნის მერის შეხვედრაზე ქალაქებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და სხვადასხვა მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა გაესვა ხაზი.