სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდა - შალვა ოგბაიძე
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პოზიტიურ მიმართულებებზე ისაუბრა.
როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, დღესდღეობით, დედაქალაქში კვლავ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაუფარავი რამდენიმე ზონა.
მათ შორის, ერთ-ერთი, კერძოდ, სოფელი გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე უკვე დაიფარა.
ახალი სამარშრუტო ხაზი N560 მოძრაობას დაიწყებს ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაივლის ალექსანდრე ყაზბეგის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, 26 მაისის, დავით აღმაშენებლის, მიხეილ გამკაძის, გელა ოჩიაურის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩებს, შემდეგ ელეფთერ ანდრონიკაშვილის I შესახვევიდან დაუკავშირდება დავით სარაჯიშვილის გამზირს და მოძრაობას დაასრულებს სარაჯიშვილის გამზირის N47-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მისივე თქმით, პროცესი გრძელდება და ამ ეტაპზე მოხდება ავჭალა 2-ისა და სოფელი გლდანის ერთ-ერთი ქუჩის, კულა გლდანელის ქუჩის მოსახლეობის სატრანსპორტო ჰაბთან დაკავშირება.
„ამავდროულად იგეგმება სამოცდაათი 18 მეტრიანი ავტობუსის ხაზზე გაშვებაც, რაც გამოიწვევს გარკვეული რაოდენობის 10 და 12 მეტრიანი ავტობუსების გამოთავისუფლებას, ეს კი საგრძნობლად შეამცირებს მოლოდინის დროს იმ ადგილებში, სადაც მგზავრთა ნაკადი საკმაოდ დიდია’’,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
საკრებულოს წევრმა ასევე სატრანსპორტო საკითხთა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც კოლეგებმა უფასო და შეღავათიანი მგზავრობის თაობაზე მოისმინეს ინფორმაცია.
„ეს არის გამოხატული სოლიდარობა ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. მაგალითად, ერთი დღის მანძილზე ავტობუსებს 585 ათასი მგზავრი გადაჰყავთ, საიდანაც დაახლოებით 45 % უფასო და შეღავათიანი მგზავრია. იგივე მდგომარეობაა მიკროავტობუსებითა და მეტროსადგურებით მოსარგებლეების შემთხვევაშიც’’-განაცხადა შალვა ოგბაიძემ. დასასრულს, ოგბაიძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
სხვა სიახლეები
საქართველო ყალიბდება რეგიონულ ჰაბად, შუა დერეფანი იძენს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ არსს და ამისთვის ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა - ნოდარ ბოკერია
24.02.2026.17:17
„ეკონომიკის რაციონალურად დაგეგმვით ჩვენ მივიღეთ 9,4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ეს უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ საერთაშორისო ეკონომიკური რყევების ეპოქაში და წამყვანი ევროპული ქვეყნები თავს ვერ აღწევენ ინფლაციას. ასეთი უნიკალური ეკონომიკური ზრდის მიღმა, რა თქმა უნდა, დგას ჩვენი მთავრობის და შესაბამისი ინსტიტუტების ინტენსიური და რაციონალური ქმედებები“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნოდარ ბოკერიამ გააკეთა.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში ქვეყნის ეკონომიკური ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა იდეალურად გამოიყენა მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთის დროულად დარეგულირებით ამავდროულად სავალუტო ინტერვენციებით ინფლაცია საკმაოდ დაბალ, 4,8-პროცენტიან, მაჩვენებელზე შეინარჩუნა. ნოდარ ბოკერიას თქმით, ევროკავშირის მთელ რიგ წამყვან ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი 8,8 პროცენტია და მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი სხვადასხვა კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტია.
„ხშირად რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმის ასეთი შეფასება, რომ კი, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს არ აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქაც არის მარტივი მათემატიკა და მარტივი სტატისტიკა. მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე სიღარიბის მაჩვენებელმა 26 პროცენტიდან 9 პროცენტამდე დაიწია, ხოლო ყველაზე კარგი საზომი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტებისა გახლავთ მსყიდველთუნარიანობითი პარიტეტი, რომელიც საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 25 ათას დოლარამდე გაიზარდა“, - განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.
ნოდარ ბოკერიამ თავის გამოსვლაში ყურადღება ბიზნესსექტორზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესისთვის კომფორტული გარემოს შექმნაში მსოფლიო ბანკის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს. მისივე თქმით, ეს შეფასება მმართველი გუნდის მიერ გადადგმული რაციონალური ნაბიჯების შედეგია.
„წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესს არ ჰქონდა იმის საშუალება რომ კონკურენტუნარიან გარემოში თავისუფლად ოპერირება მოეხდინა, თუმცა ჩვენმა გუნდმა მოახერხა და შექმნა ისეთი კომფორტული გარემო, რომელმაც უნიკალური უცხოური ინვესტიციების შემოსვლის ლოგიკური ჯაჭვი შექმნა. ინვესტორი აბანდებს ჩვენს ქვეყანაში ბევრ ფულს და ქმნის სამუშაო ადგილებს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ხელისუფლების სწორი პოლიტიკის გარეშე“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
ნოდარ ბოკერიას განცხადებით, საქართველო ყალიბდება რეგიონულ ჰაბად, სადაც შუა დერეფანი იძენს ძალიან მნიშვნელოვან, სტრატეგიულ არსს. ჩვენმა მთავრობამ განავითარა ლოჯისტიკა, რაც პერსპექტივაში ჩვენს ეკონომიკას თვისობრივად აამაღლებს.
„ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეკონომიკა უნდა იყოს ფარი და კიდევ ათასჯერ გავიმეორებ, რომ ასეთი ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის გარეშე. წარმატება ჩვენს გუნდს“,, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.