შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების კვლევის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი საფრთხე, რისკების დაზღვევის მიზნით დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი - ლევან ჟორჟოლიანი
შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების მასშტაბური კვლევის დასკვნის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი, უშუალო საფრთხე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კვლევის თანახმად, რისკების მართვისა და პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს.
„ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ თბილისის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი გახსნა
18.02.2026.13:22
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ოფიციალურად გახსნა 2026 წლის თბილისის სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი (Hospitality Investment Forum Tbilisi 2026) და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ფორუმი წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და საერთაშორისო საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიება აერთიანებს სასტუმრო ოპერატორებს, საერთაშორისო ბრენდებს, დეველოპერებს, ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი განიხილავენ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს, ბაზრის გაფართოების შესაძლებლობებსა და კაპიტალის განთავსების პერსპექტივებს.
ფორუმის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები საქართველოს ტურიზმის საინვესტიციო პოტენციალზე, საერთაშორისო ინტერესის რეალურ ინვესტიციად გარდაქმნის მექანიზმებზე, პრემიუმ და ლუქს სეგმენტის განვითარებაზე, ასევე სექტორში არსებულ ბაზრის ტენდენციებსა და შეფასების ინსტრუმენტებზე.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური სფეროა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს რეგიონებს და ზრდის ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას. მისი თქმით, სტუმარმასპინძლობა ქვეყნის იდენტობის ნაწილია და არა მხოლოდ ეკონომიკური სექტორი.
სოხაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი ტურიზმის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მასშტაბურ პროექტებს ახორციელებენ. ფართოვდება საერთაშორისო აეროპორტები, საგზაო პროექტების პარალელურად, აქცენტი კეთდება რეგიონების ურბანულ განახლებასა და ოთხსეზონიანი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.განახლებული ლოკაციები და გამართული წყალმომარაგების სისტემები კერძო სექტორისთვის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს აჩენს.
რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ამბიციას, ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად, სადაც ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთიან სისტემად ვითარდება. მან ასევე ისაუბრა სახელმწიფოს როლზე, როგორც სანდო პარტნიორზე, რომელიც ქმნის გამჭვირვალე და პროგნოზირებად ბიზნესგარემოს, ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს, ხელს უწყობს საჯარო–კერძო პარტნიორობებს და აქტიურად ავითარებს ინფრასტრუქტურას.
„საქართველო ქმნის ღია და პროგნოზირებად ბიზნესგარემოს, სადაც ინვესტიცია ნიშნავს არა მხოლოდ კომერციულ წარმატებას, არამედ წვლილს ქვეყნის განვითარებაში. დღეს არის სწორი დრო, რომ ერთად შევქმნათ ახალი ტურისტული მიმართულებები და საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურა. დღეს არის სწორი დრო ინვესტირებისთვის, თანამშრომლობისთვის და განვითარებისთვის,“ — აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.