შუა დერეფანში ტვირთნაკადების მკვეთრი ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, რაც მზარდ საერთაშორისო ნდობას ადასტურებს - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო იმ იდეის ერთგულია, რომ შავი ზღვის რეგიონი, რომელიც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, დარჩეს თანამშრომლობისა და კავშირების ადგილად, სადაც მშვიდობა სუფევს. ამ თემაზე მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 34-ე სესიაზე გაკეთებულ მოხსენებაში ისაუბრა.
„ბოლო წლებში ევრაზიის მასშტაბით ღირებულებათა ჯაჭვების ფრაგმენტაციისა და ფასების ზრდის ფონზე, გამოაშკარავდა საიმედო, თავსებადი და მულტიმოდალური მარშრუტების აუცილებლობა. სწორედ ამ გარემოში შეიძინა საქართველოს სტრატეგიულმა მდებარეობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა, რაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყნისთვის უფრო მოკლე გზისა და შეუფერხებელი საზღვაო წვდომის შეთავაზებას გულისხმობს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, შუა დერეფანი, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს, სწრაფად ჩამოყალიბდა საიმედო, შეუცვლელ სავაჭრო მარშრუტად და იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვები სტაბილურობასა და მდგრადობას ეძებენ, მისი მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია.
„საქართველოს სტრატეგიული უპირატესობა განპირობებულია ინტეგრირებული მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, რომელიც მოიცავს თანამედროვე პორტებს, გაფართოებულ სარკინიგზო ქსელსა და განახლებულ მაგისტრალებს, რომლებიც ერთიანი სისტემის სახით ფუნქციონირებენ. ამგვარი თავსებადობა გადამწყვეტია, რადგან ის ხელს უწყობს ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას ევროპასა და აზიას შორის" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის მოხსენებაში აქცენტი გააკეთა შუა დერეფანში ტვირთნაკადების მკვეთრი ზრდის ტენდენციაზე, რაც მზარდ საერთაშორისო ნდობას ადასტურებს. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ფუნდამენტური ელემენტია და მიზნად ისახავს როგორც გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, ასევე ახალი რეგიონული ლოგისტიკური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.
„საქართველოს ნავსადგურები აგრძელებენ სტაბილურ ფუნქციონირებას: 2025 წელს, გასულ წელთან შედარებით, უკვე გვაქვს კონტეინერების მოცულობების ზრდა და არსებული პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 700 000-სს გადააჭარბებს. ასეთი განვითარება ხაზს უსვამს ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც გულისხმობს პროგნოზირებადობას, გამჭვირვალობასა და დაკავშირებადობას" - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
როგორც პასუხისმგებლიანი საზღვაო ქვეყანა, მზად ვართ ვიმუშაოთ IMO-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან იმ გლობალური საზღვაო სისტემის გასაძლიერებლად, რომელზეც ყველანი ვართ დამოკიდებულნი - მარიამ ქვრივიშვილი
25.11.2025.16:22
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2024 წლიდან „საზღვაო ერთი ფანჯრის ეროვნული სისტემის" ამოქმედებამ საკმაოდ გააძლიერა და გააუმჯობესა საქართველოში საზღვაო ოპერაციების ეფექტიანობა და გამჭვირვალობა. ამ თემაზე მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე ისაუბრა, რომელიც ლონდონში გაიმართა და მასში მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
თავის გამოსვლაში მარიამ ქვრივიშვილმა მადლიერება გამოხატა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიმართ და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური ძვრების, კლიმატური ცვლილებებისა და საზღვაო ტექნოლოგიების მიღწევების გათვალისწინებით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ყველა ქვეყანას, მისი ზომის მიუხედავად, თანაბარი ხმა აქვს. მინისტრის შეფასებით, ინტერესთა ეს უნიკალური ბალანსი გაეროს საერთაშირისო საზღვაო ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძლიერ მხარესა და გლობალური საზღვაო მმართველობის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
„ჩვენ გვჯერა და ვაღიარებთ დაბალანსებულ ინტერესებზე, გაზიარებულ პასუხისმგებლობასა და ყველა ხმის პატივისცემაზე დაფუძნებულ საერთაშორისო საზღვაო წესრიგს. იქიდან გამომდინარე, რომ ვართ პასუხისმგებლიანი საზღვაო ქვეყანა და ერთგვარი ხიდი კონტინენტების შორის, მზად ვართ ვიმუშაოთ IMO-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან იმ გლობალური საზღვაო სისტემის გასაძლიერებლად, რომელზეც ყველანი ვართ დამოკიდებულნი" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.