შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად - ირაკლი კობახიძე
მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ეტაპობრივად მოხდება.
„თუ ჩვენ მკაცრად გავყვებით დღევანდელ რეალობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის 14 400, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევაში რომ ავიღოთ 3 600 აბარებს, მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისტზე, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლება, ამას ანგარიში არ გავუწიოთ, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ 700-იან მაჩვენებელზე არა მკვეთრად, იმისათვის, რომ არ გამოვიწვიოთ მკვეთრი წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნებსა და ჩარიცხვას შორის. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად გადასვლა ოპტიმალურ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 3 600-დან ჩამოვდივართ არა მკვეთრად 700-ზე, არამედ ჩამოვდივართ 1500-ზე და შემდეგ ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი უკვე შესაბამისი მონაცემების დაბალანსება. არის შემთხვევები, სადაც მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე დღეს არის ჩარიცხულთა რაოდენობა, თუმცა არის სხვა კუთხით პრობლემები უმაღლესი განათლების სისტემაში, მაგალითად არის შესაბამისი მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ ეტაპობრივად, წლიდან წლამდე გავზარდოთ ჩარიცხულთა რაოდენობა ოპტიმალურ მაჩვენებლამდე.
ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ საჭიროა წესით 14 400 სტუდენტის ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობდი, საბოლოო ჯამში 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, შესაბამისად 50 პროცენტით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა ჩვენ შრომის ბაზრის ანალიზმა. ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24.02.2026.12:05
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით.
„შედეგები არის ძალიან შემაშფოთებელი. იმთავითვე იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე. ჩვენ შევისწავლეთ სამუშაო ძალაზე 5-წლიანი მოთხოვნა, პროფესიული ჯგუფების მიხედვით. 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით და სხვა მაკროეკონომიკური მოდელებით. ამ მოდელებში გათვალისწინებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის აეროპორტი და ა.შ. ყოვლისმომცველი კვლევა განხორციელდა.
ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად, შეადგენს 64 095-ს, აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, 21 779-ის საჯარო სექტორში. აქ იგულისხმება მათ შორის ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოთხოვნად პროფესიებშია საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ექთნები, ექიმები, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები.
„მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროებას რაც შეეხება, აქ ლიდერობს კონკრეტული პროფესიები. ეს არის საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ექთნები, ექიმები, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები. კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე.
არის სპეციალობები, სადაც გამოვლინდა სიჭარბე. მაგალითისთვის რომ ავიღოთ სამართლის მიმართულება, აქ ჩარიცხვების საშუალო წლიური რაოდენობა გასული 5 წლის განმავლობაში იყო 3598. საშუალოდ, წლიურად ირიცხებოდა სამართლის ფაკულტეტებზე. კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენდა 2047-ს. ესეც შემაშფოთებელი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად გაუმჯობესება. როდესაც კურსდამთავრებულთა მაჩვენებელი ჩარიცხვასთან შედარებით 40%-ია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს სერიოზული გამოწვევები უმაღლესი განათლების სფეროში. ამ კუთხით გამონაკლისი არ არის არც სამართლის მიმართულება.
რაც შეეხება მოთხოვნას, კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში, საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი შრომის ბაზარზე, მაშინ, როცა 3600 იურისტი აბარებს იურიდიულზე და ამთავრებს 2050. ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რამდენად აუცილებელი იყო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება. ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისათვის, რომ ისინი მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას, რაც ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამის თავიდან არიდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და ამ მიზანს ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.