შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მემორანდუმი ითვალისწინებს საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმებისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცვლიან ყველა საჭირო ინფორმაციას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციას გაუწევენ ერთმანეთს.
საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული მუშაობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ბოლო წლებია, ყოველი არჩევნების წინ ფორმდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.09.2025.15:35
4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ არჩევნების ორგანიზება მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროცედურებით არ შემოიფარგლება. საარჩევნო პროცესების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც ხდება არჩევნების ჩატარება.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პრევენციული ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
„როგორც ყოველთვის სახალხო დამცველთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციას, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, მათ შორის, ტარგეტირებულად ეს ყველაფერი საარჩევნო ადმინისტრატორების წინააღმდეგ. შესაბამისად, ორი ინსტიტუცია შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ჩვენ კომპეტენციების ფარგლებში განვახორციელებთ სათანადო პრევენციულ ქმედებებს, ასევე უზრუნველვყოფთ ამომრჩეველთა და საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს და უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმაც. „ჩვენ ტრადიციულად არჩევნების წინ ვცდილობთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილის ენის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველა მონაწილეს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო შეგნება, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნები წარიმართოს მშვიდ გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი და საარჩევნო უფლება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.