შესაძლოა, პარლამენტის წევრების ხელფასი 10 000 ლარამდე გაიზარდოს - საკანონმდებლო ინიციატივა
დავაინიცირე ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რათა მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურება მოვიდეს შესაბამისობაში იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც დადგენილია საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის შესაბამისობაში მოყვანა 2013 წლის შემდეგ არ მომხდარა.
„ბოლო ათი წელია, არ გაზრდილა ან არ შეცვლილა ხელფასი. თუმცა, ეს საკითხი ყოველთვის იყო, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და არ არის მიბმული საჯარო სამსახურში ხელფასებს, მათ შორის, ის ათპროცენტიანი ზრდა, რაც ბოლო წლებში არის, არ ეხება პარლამენტის წევრებს. ამან შედეგად გამოიღო ის, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აპარატში არის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლის ხელფასიც უფრო მაღალია, ვიდრე პარლამენტის წევრის.
ამიტომ არის საჭიროება, რომ მოხდეს, შესაბამისობაში მოყვანა. 2017 წელს დადგინდა კოეფიციენტები საჯარო სამსახურისთვის. მაშინ ყველა საჯარო სამსახურში ხელფასები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ამ კოეფიციენტებთან, მათ შორის პარლამენტის აპარატში, თუმცა დეპუტატებისთვის მაშინ ეს ცვლილება არ განხორციელებულა რეგლამენტში, ამიტომ ჩემი ინიციატივაა, რომ მართალია, არა ამ მოწვევის, მაგრამ მომავალი მოწვევის პარლამენტში, 2025 წლის პირველი იანვრიდან მოხდეს ხელფასების, ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც დადგენილია კანონდებლობით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ის კოეფიციენტები, ინიციატივა, რომელიც მე მაქვს წარმოდგენილი, სრულად არ ითვისებს იმ კოეფიციენტს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი. უფრო მაღალიც შეიძლებოდა, ყოფილიყო სახელფასო ანაზღაურება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით პარლამენტის წევრების ხელფასები, თანამდებობების მიხედვით, დაახლოებით 4000-დან 7000 ლარის ფარგლებშია, ხოლო ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება.
პაპუაშვილის განმარტებით, დასახელებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც აღნიშნულ ოდენობებს გამოაკლდება. „კანონპროექტში სქემაც არის მოტანილი – არსებული ხელფასი, დაინიცირებული ხელფასი და ასევე, კოეფიციენტიდან გამომდინარე რა შეიძლებოდა, ყოფილიყო მაქსიმალური ხელფასი. ამ ინიციატივით ჩვენ ეს სრულად არ ავითვისეთ. მე გახლავართ კანონპროექტის ინიციატორი და მევე გამოვიტან კომიტეტზე. მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის არის. ასე რომ, ეს შესაძლოა, იყოს დამატებითი მოტივაცია ოპოზიციისთვის, რომ მომავალ არჩევნებზე იყვნენ აქტიურად წარმოდგენილი და მიიღონ მონაწილეობა. სწორედ ამის გათვალისწინებითაც, ჩემი ინიციატივაა, რომ მომავალი პარლამენტის წევრებს გაეზარდოთ, რათა არ იყოს რამე აღქმა, თითქოს პარლამენტი საკუთარ თავს უზრდის ხელფასს“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - სულხან თამაზაშვილი
01.01.2026.01:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.
„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!
გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,
რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ.
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.