შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას - ლევან ჟორჟოლიანი
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პარლამენტში დაინიცირდეს კანონპროექტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ასევე კომუნიკაცია შედგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება.
„მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური გახდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება. თუკი აქამდე ხდებოდა განვლილი წლების აუდიტი, ახლა უკვე შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეფასებები გააკეთოს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან წაადგება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას, ასევე ნებისმიერ სფეროში უფრო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს, იქნება ეს ენერგეტიკული მიმართულება, ქონების მართვა თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სწორედ ამ ორი ძირითადი პრინციპის გაძლიერებას ემსახურება ახალი მექანიზმის შექმნა “, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
13.03.2026.14:46
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰიონ დუ კიმმა მოაწერეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
„კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით კავშირების გაღრმავებისთვის. აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ჰიონ დუ კიმმა აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც კორეის რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას, რაც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და სატყეო სექტორს, ასევე, კლიმატთან დაკავშირებულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებს.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.