შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა. როგორც მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუმარტა, გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
„როგორც იცით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, გუნდთან და ბატონს გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი აზრით, გაბიტაშვილი გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას წარუდგინა. მისივე თქმით, პარლამენტი გაბიტაშვილის კანდიდატურას კენჭს მომავალ კვირას უყრის.
გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის, ხოლო 2024 წლიდან გენერალური პროკურორის თანამდებობას.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
16.04.2026.15:15
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.