შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თანამომხსენებლებს საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.
შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გააცნო, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.
საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს.
ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ყველა სტანდარტისა და მოთხოვნის დაკმაყოფილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი და დელეგაციის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.