სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით ხორციელდება - შალვა ოგბაიძე
„დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მიერ სტრატეგიული მიმართულების რანგში აყვანილი სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით ხორციელდება“, - განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, გააკეთა.
მისი განცხადებით, ეს დედაქალაქის მცხოვრებლების დაკვეთის შესრულებაა.
„მოსახლეობის დაკვეთის შესრულება იმ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატა, რომელსაც ჩვენ ურბანულ განვითარებასა და სატრანსპორტო პოლიტიკას ვუწოდებთ.
საუბარია სხვადასხვა ზომის, შემადგენლობისა და მგზავრთტევადობის მოძრავი შემადგენლობების, საავტობუსო და მიკროავტობუსების პარკების მთლიან განახლებასა და შეცვლაზე, გადახდის ერთიანი ინტეგრირებული სისტემის შემოღებაზე საპარკინგე მეურნეობის შექმნით, კერძოდ, ზონალური პარკირების დაწესებით ე.წ. სითი პარკის უმწვავესი პრობლემის მოგვარებაზე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ელექტრომობილების წახალისებაზე“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, თავის დროზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ხაზების შემოღებას გამბედაობა სჭირდებოდა, მაგრამ შედეგად მოქალაქეებისთვის გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი გახდა.
„მსოფლიო და ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით მოხდა ტაქსებისათვის მოძრაობის უფლების მინიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში და ტაქსების რეფორმის ჩატარება. მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის რესურსის ამოწურვის კვალდაკვალ მოძრავი შემადგენლობის ეტაპობრივი ჩანაცვლება ხდება. ამავდროულად განხორციელდება მეტროპოლიტენების სადგურების ინფრასტრუქტურული განახლების ღონისძიებები. გამოწვევები კიდევ ბევრია და ჩვენი გუნდი ამ რეფორმის ბოლომდე მისაყვანად მზად არის“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
07.04.2026.15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორებში. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე რეგიონში დამატებითი ტვირთის მოზიდვისა და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ისე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღინიშნა, რომ ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია, რომელსაც 2025 წლიდან ჩინური მხარე შეუერთდა. მხარეების შეფასებით, ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში მიმდინარე მსხვილი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის მილიარდიანი ინვესტიცია სალოკომოტივე და სავაგონე პარკის განახლებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.