სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით ხორციელდება - შალვა ოგბაიძე
„დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მიერ სტრატეგიული მიმართულების რანგში აყვანილი სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით ხორციელდება“, - განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, გააკეთა.
მისი განცხადებით, ეს დედაქალაქის მცხოვრებლების დაკვეთის შესრულებაა.
„მოსახლეობის დაკვეთის შესრულება იმ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატა, რომელსაც ჩვენ ურბანულ განვითარებასა და სატრანსპორტო პოლიტიკას ვუწოდებთ.
საუბარია სხვადასხვა ზომის, შემადგენლობისა და მგზავრთტევადობის მოძრავი შემადგენლობების, საავტობუსო და მიკროავტობუსების პარკების მთლიან განახლებასა და შეცვლაზე, გადახდის ერთიანი ინტეგრირებული სისტემის შემოღებაზე საპარკინგე მეურნეობის შექმნით, კერძოდ, ზონალური პარკირების დაწესებით ე.წ. სითი პარკის უმწვავესი პრობლემის მოგვარებაზე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ელექტრომობილების წახალისებაზე“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, თავის დროზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ხაზების შემოღებას გამბედაობა სჭირდებოდა, მაგრამ შედეგად მოქალაქეებისთვის გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი გახდა.
„მსოფლიო და ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით მოხდა ტაქსებისათვის მოძრაობის უფლების მინიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში და ტაქსების რეფორმის ჩატარება. მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის რესურსის ამოწურვის კვალდაკვალ მოძრავი შემადგენლობის ეტაპობრივი ჩანაცვლება ხდება. ამავდროულად განხორციელდება მეტროპოლიტენების სადგურების ინფრასტრუქტურული განახლების ღონისძიებები. გამოწვევები კიდევ ბევრია და ჩვენი გუნდი ამ რეფორმის ბოლომდე მისაყვანად მზად არის“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.20:43
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ სხდომაზე, მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას შეახსენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები სრულად ევროპულია და ის ევროპის ყველა ქვეყანაში დიდი ხანია მოქმედებს. კერძოდ, ევროპული ქვეყნები მაუწყებლებს წლებია ავალებს ისეთი ჟურნალისტური ფუნდამენტური სტანდარტების დაცვას, რასაც პასუხისმგებლიანი მედია ისედაც უნდა აკეთებდეს.
„აღნიშნული კანონით მაუწყებლებს მოეთხოვებათ, რომ ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებულიინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით გადასცენ მაყურებელს. ასევე, დაიცვან სამართლიანობის და მიუკერძოებლობის სტანდარტი, მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება, ახალ ამბებში და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებში არ გამოხატონ პოზიცია, ასეთი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროპაში ეს დიდი ხანია აღარ არის სადავო, იქ მაუწყებლებში მსგავსი პრობლემები აღარ აქვთ და ახლა უკვე სოციალურ მედიაში ხდება მსგავსი დარღვევების პრევენცია. იმის საპირისპირო მოსაზრება და ფაქტი, რომ ეს ევროპული კანონია, მე ჯერ არ მომისმენია, მესმის მხოლოდ სკეპტიციზმი, ისიც კარგად მესმის, რომ გაქვთ კითხვები კანონის აღსრულების ნაწილში, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით მედიას ღელვის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან კომისიას აქვს ერთადერთი მიზანი - გააჯანსაღოს მედია გარემო. უამრავი კომენტარი მოვისმინე, რომ ეს მედიის სადამსჯელო კანონია, გარწმუნებთ, რომ ასე არ არის და კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ მჭიდრო თანამშრომლობით მაუწყებლებთან, ვისაც გულწრფელად აღელვებთ ეს საკითხი, აღმოფხვრას მედიაში ისეთი პრობლემები, რომელიც მაყურებელს და მედიას აზიანებს“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.
მისივე განცხადებით, გარკვეულ ნაწილს ადამიანებისას, ვინც კომისიას უამრავ ბრალდებას უყენებს, ეს შესაძლოა პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდეს, თუმცა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კომისია ასეთ დღის წესრიგს არ მისდევს და თავისი დღის წესრიგით გააგრძელებს მუშაობას.
„ვისაც პოლიტიკურად სჭირდება, რომ ილაპარაკოს ცენზურაზე, ეს მისი საქმეა, მე ამ დღის წესრიგს არასოდეს მივსდევ, არც არასდროს მიმიქცევია ყურადღება. ის ადამიანები, ჟურნალისტები და პროდიუსერები, ვისაც მედიის ბედი აღელვებს და დაინტერესებულია ამით, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ევროპული კანონია და მედია ამ ელემენტარულ ფუნდამენტურ სტანდარტებს აუცილებლად უნდა იცავდეს. საბედნიეროდ, იმ ნაწილის გარდა, ვისაც პოლიტიკური ინტერესები აქვს, ჩვენ მედიაში არიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან ჟურნალისტური სტანდარტი რა არის. იციან, როგორ იმიჯნება ფაქტი მოსაზრებისგან, როგორ უნდა გააკეთონ ეს, რა არის ფაქტი და რა ჩაითვლება ფაქტის დამახინჯებად. ამიტომ, ჩვენ ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ეს იციან და გულწრფელი სურვილიც აქვთ ეს სტანდარტი დაიცვან, რომ შეცდომაში არ შევიდეს ჩვენი მაყურებელი, მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა კომისიის სხდომაზე კახა ბექაურმა.