საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, რაც განპირობებულია აქციზის განაკვეთით, რომელიც ჩვენთან სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლებისთვის - ლევან ჟორჟოლიანი
სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი სხდომის ფარგლებში, შევხვდით საწვავის კომპანიების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს და მათთან ერთად განვიხილეთ საწვავზე ფასწარმოქმნის სისტემა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში აქციზის განაკვეთი სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში საწვავის ფასები არის საგრძნობლად დაბალი, თუმცა ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას საწვავის კომპანიებთან ერთად, რათა ფასები კიდევ უფრო შემცირდეს.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საშუალო ევროპულ ფასთან შედარებით, საქართველოში საწვავის ფასები არის საგრძნობლად დაბალი, რაც განპირობებულია იმ საგადასახადო კანონმდებლობით, კერძოდ აქციზის განაკვეთით, რომელიც არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლებისთვის,"- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
თბილისის ბიუჯეტის ზრდა ნიშნავს ჩვენი ქალაქისთვის უფრო მეტი სასიკეთო, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და სოციალური, რეკრეაციული თუ სხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობას - გივი ჩხარტიშვილი
30.01.2026.15:59
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის გაზრდაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა და დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა განცხადება გააკეთა. როგორც გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა თბილისისთვის უფრო მეტი პროექტის განხორციელებას ნიშნავს.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია. დედაქალაქის საკრებულოში თბილისის ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - 2 მილიარდ 506 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაზუსტებულ ბიუჯეტზე 296 მილიონით მეტია. თბილისის ბიუჯეტის ზრდა ნიშნავს ჩვენი ქალაქისთვის უფრო მეტი სასიკეთო, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და სოციალური, რეკრეაციული, თუ სხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რაც ჩვენს თანაქალაქელებს შეუქმნის მეტად კომფორტულ გარემოს და ხელსაყრელ პირობებს“- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა ასევე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ფასების კლებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ინიციატივა მოქალაქეების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, რაც ასევე ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. შექმნილი სამთავრობო კომისიის მუშაობის პროცესში, რომელიც ძალიან ეფექტურად და კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა უწყებასთან და ბიზნესთან, გამოიკვეთა დადებითი დინამიკა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს ამ ინიციატივისთვის, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ კეთდება, რაც მათ ყოველდღიურ ყოფაზე დადებითად აისახება“- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.