საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად "შუა დერეფნის" განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი - მაკა ბოჭორიშვილი
აბუ-დაბიში მიმდინარე მდგრადი განვითარების კონფერენციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ღონისძიებაში, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იღებს მონაწილეობას, ყურადღება გამახვილდება "შუა დერეფნის" განვითარებაზე და მის პერსპექტივებზე.
"მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე საუბარი და ამ საკითხებზე აქცენტების გაკეთება, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში სწორედ "შუა დერეფნის" განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრებზეც.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გლობალურად მოქმედ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენს რეგიონში განახორციელონ გარკვეული საქმიანობა. საქართველოს ისინი ხედავენ როგორც პოტენციურ საინვესტიციო ადგილს," - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიებთან თანამშრომლობა, ვინაიდან ისინი დღეს წარმატებით საქმიანობენ ქვეყანაში და ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
სხვა სიახლეები
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
13.01.2026.14:20
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობა; პროგრამების კრედიტების მოცულობის შესახებ ბრძანების პროექტი და პროგრამების ტრანსფორმირება; უნივერსიტეტების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსებისა და წარდგენის ვადები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.
საბჭოს სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.