საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ.
„პირველ რიგში, მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, როგორც ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერისადმი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე მეტ მშვიდობას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას სრულიად მსოფლიოს.
როგორც საქართველოს მთავრობის ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად თქვენი არჩევის შემდეგ, თქვენ ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააუქმა იმ უსამართლო, უხეში და აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ის არაერთი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აწარმოებდა.
ამ ფონზე, კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა, იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად, კვლავაც აქტიურობს „დიპ სტეიტი“, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით, საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ, „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. „დიპ სტეიტის“ მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის ოთხი მცდელობა, პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან - წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს.
ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. თუმცა, ბუნებრივია, მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სტეიტის“ დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება.
ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა „დიპ სტეიტთან“, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს.
პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა კი, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების დამკვიდრებაა“, - აღნიშნულია წერილში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.09.2025.15:35
4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ არჩევნების ორგანიზება მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროცედურებით არ შემოიფარგლება. საარჩევნო პროცესების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც ხდება არჩევნების ჩატარება.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პრევენციული ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
„როგორც ყოველთვის სახალხო დამცველთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციას, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, მათ შორის, ტარგეტირებულად ეს ყველაფერი საარჩევნო ადმინისტრატორების წინააღმდეგ. შესაბამისად, ორი ინსტიტუცია შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ჩვენ კომპეტენციების ფარგლებში განვახორციელებთ სათანადო პრევენციულ ქმედებებს, ასევე უზრუნველვყოფთ ამომრჩეველთა და საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს და უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმაც. „ჩვენ ტრადიციულად არჩევნების წინ ვცდილობთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილის ენის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველა მონაწილეს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო შეგნება, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნები წარიმართოს მშვიდ გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი და საარჩევნო უფლება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.