საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლარის 30 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლარის საიუბილეო 30 წლის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ქართული ლარის საიუბილეო 30 წელი მიულოცა და ქართული ვალუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, არსებობის სამი ათწლეულის ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა, 2014 წლიდან კი, მისი გამორჩეული ოფიციალური სიმბოლოც შეიქმნა, რაც საერთაშორისო საფინანსო სივრცეში საქართველოს ეროვნული ვალუტის იდენტიფიცირების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
„ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ფინანსური მოქნილობისთვის, მონეტარული სუვერენიტეტისთვის, ფისკალური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის ეროვნული ვალუტის არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს, ამ წლების განმავლობაში ეროვნული ვალუტის განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა.
ფორუმის ფარგლებში, მონაწილეები დისკუსიას მართავენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები და ცენტრალური ბანკის როლი მდგრად დაფინანსებაში.
საერთაშორისო ფორუმს სახელწოდებით - FROM TRUST TO GREATER COOPERATION ქვეყნის ეროვნული ბანკი მასპინძლობს და მასში მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი იღებს მონაწილეობას.
ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.05.2025.15:26
გუშინ ვაიმარის სამკუთხედის წევრმა პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოებმა გაავრცელეს გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ ასჯერ დაფიქრდნენ და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში, ვითომცდა საქართველოს საზღვარზე არ შემოშვების დიდი რაოდენობის გამო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ძალიან შემაშფოთებელია, თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ, ახლა, ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ.
,,ტურიზმი ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, მასზე უსაფუძვლო თავდასხმა კი, ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე და ჩვენს ეროვნულ ინტერესზე თავდასხმაა.
სინამდვილე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვაა ვიდრე ის აღქმა, რომლის შექმნასაც ამგვარი განცხადებებით ცდილობენ. საბედნიეროდ, საზღვრის კვეთა არა აღქმების სფერო, არამედ სტატისტიკის და ფაქტების სამყაროა.
სტატისტიკა კი ამ განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს და აჩვენებს, რომ საქმე სულ სხვაა, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით:
▪️2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა პოლონეთის სულ 9 მოქალაქეს, ხოლო პოლონეთმა - საქართველოს 1250 მოქალაქეს, ანუ პოლონეთის მხრიდან იყო 140-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.
▪️2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა საფრანგეთის სულ 16 მოქალაქეს, ხოლო საფრანგეთმა - საქართველოს 145 მოქალაქეს, ანუ საფრანგეთის მხრიდან იყო 9-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.
▪️2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა ევროკავშირის სულ 184 მოქალაქეს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა - საქართველოს 4825 მოქალაქეს, ანუ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან იყო 26-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.
▪️აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2024-2025 წლებში, პოლონეთმა - 249, საფრანგეთმა - 280, ევროკავშირმა კი ჯამში 2463 საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან გამოაძევა,” - წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი საზღვარზე არშეშვების იმ რაოდენობებამდე მისასვლელად, რაც ევროკავშირის ჩვეული პრაქტიკაა.
მნიშვნელოვანია, რომ საელჩოები იცავდნენ ვენის კონვენციას და არ ავრცელებდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ყალბ აღქმებს ქმნის ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ.
დეტალური სტატისტიკა კი ასეთია:
პოლონელების შემოსვლა საქართველოში:
2024 წელს, პოლონეთის 66,504 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
2024 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 7 მოქალაქეს.
2025 წელს, პოლონეთის 10,165 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
2025 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 2 მოქალაქეს.
2024 და 2025 წლებში, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯამში - პოლონეთის 76,669 მოქალაქემ.
2024 და 2025 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 9 მოქალაქეს.
ქართველების შესვლა პოლონეთში:
2024 წელს, საქართველოს 65,835 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 975 მოქალაქეს.
2025 წელს, საქართველოს 15,964 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 275 მოქალაქეს.
2024-2025 წლებში, საქართველოს 81,799 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. აქედან საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 1250 მოქალაქეს.
გარდა ამისა, 2024- 2025 წლებში დეპორტირებულ იქნა საქართველოს 249 მოქალაქე.