საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია წამყვანი საერთაშორისო ფინტექ კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ფინანსური ინოვაციებისა და ციფრული აქტივების მომსახურების კუთხით ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს.
ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ 2021-2025 წლებში ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა.
პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ისევე, როგორც ფინანსური სერვისების შემდგომ განვითარებას და ამ კუთხით Bybit-თან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და Bybit Georgia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შოთა ლომთაძე დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
29.04.2026.14:37
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა და ის ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა გახსნა. ახალგაზრდებთან საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა - არჩევნების მნიშვნელობა და ამომრჩევლის როლი დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.
ნათია იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე ისაუბრა იმ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებსაც ცესკო ახალგაზრდებთან მიმართებაში ახორციელებს.
ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება არჩევნების ორგანიზება და როგორია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობა - ამ საკითხებზე მათ დეტალურად ესაუბრა დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ველთაური.
დუშეთში ახალგაზრდებთან შეხვედრა 28 აპრილს გაიმართა და მას 40-მდე ახალგაზრდა დაესწრო.
შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.