საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოში გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა საქართველოში კომპანია „იგლ ჰილსის" ისტორიული - 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მნიშვნელობას, ასევე აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციით განხორციელებული თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლი და სხვა უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში.
შეხვედრას, რომელიც აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ თბილისის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი გახსნა
18.02.2026.13:22
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ოფიციალურად გახსნა 2026 წლის თბილისის სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი (Hospitality Investment Forum Tbilisi 2026) და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ფორუმი წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და საერთაშორისო საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიება აერთიანებს სასტუმრო ოპერატორებს, საერთაშორისო ბრენდებს, დეველოპერებს, ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი განიხილავენ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს, ბაზრის გაფართოების შესაძლებლობებსა და კაპიტალის განთავსების პერსპექტივებს.
ფორუმის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები საქართველოს ტურიზმის საინვესტიციო პოტენციალზე, საერთაშორისო ინტერესის რეალურ ინვესტიციად გარდაქმნის მექანიზმებზე, პრემიუმ და ლუქს სეგმენტის განვითარებაზე, ასევე სექტორში არსებულ ბაზრის ტენდენციებსა და შეფასების ინსტრუმენტებზე.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური სფეროა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს რეგიონებს და ზრდის ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას. მისი თქმით, სტუმარმასპინძლობა ქვეყნის იდენტობის ნაწილია და არა მხოლოდ ეკონომიკური სექტორი.
სოხაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი ტურიზმის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მასშტაბურ პროექტებს ახორციელებენ. ფართოვდება საერთაშორისო აეროპორტები, საგზაო პროექტების პარალელურად, აქცენტი კეთდება რეგიონების ურბანულ განახლებასა და ოთხსეზონიანი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.განახლებული ლოკაციები და გამართული წყალმომარაგების სისტემები კერძო სექტორისთვის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს აჩენს.
რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ამბიციას, ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად, სადაც ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთიან სისტემად ვითარდება. მან ასევე ისაუბრა სახელმწიფოს როლზე, როგორც სანდო პარტნიორზე, რომელიც ქმნის გამჭვირვალე და პროგნოზირებად ბიზნესგარემოს, ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს, ხელს უწყობს საჯარო–კერძო პარტნიორობებს და აქტიურად ავითარებს ინფრასტრუქტურას.
„საქართველო ქმნის ღია და პროგნოზირებად ბიზნესგარემოს, სადაც ინვესტიცია ნიშნავს არა მხოლოდ კომერციულ წარმატებას, არამედ წვლილს ქვეყნის განვითარებაში. დღეს არის სწორი დრო, რომ ერთად შევქმნათ ახალი ტურისტული მიმართულებები და საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურა. დღეს არის სწორი დრო ინვესტირებისთვის, თანამშრომლობისთვის და განვითარებისთვის,“ — აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.