საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა UNDP-ის რეგიონულ დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და UNDP-ის შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას და მისი შემდგომი განვითარების მიმართულებებს.
UNDP-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებული ურთიერთობებით კმაყოფილება გამოთქვა. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შედეგად წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო გაეროსა და საქართველოს მთავრობის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რაც თანამშრომლობას სხვა საფეხურზე გადაიყვანს. თანამშრომლობის ახალი ფორმატის უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესები, რასაც გაეროს ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები დაეფუძნება.
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს იმ ეროვნულ ხედვებს, სტრატეგიებსა და სამთავრობო პროგრამებს, რომლებსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები დაესწრო.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით - მარიამ ქვრივიშვილი
20.02.2026.17:50
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირებს,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანს, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის მთავრობის წევრებთან საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ავიაციაზე, ტრანსპორტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა რკინიგზაზე.
„შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას უშუალოდ სიმბოლური ტარიფის დაწესების თვალსაზრისით, რაც აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ხელშეწყობას უზრუნველყოფს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, სომეხ კოლეგებთან შეხვედრებზე ასევე საუბარი წარიმართა ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. „აღნიშნული გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ვაჭრობას, ექსპორტ-იმპორტს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ქვეყნის როლს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც სომხეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტს, ასევე ტრანზიტს საქართველოს გავლით," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც მაღალი დონის შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება, ვაჭრობა იყო. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეტი ქართული პროდუქცია სომხეთში და ამისთვის განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკას ვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.