საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს არტურ ერკენს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს არტურ ერკენს შეხვდა.
შეხვედრაზე მიგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
განიხილეს „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" განხორციელებული ცვლილებები. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში უცხოელების დასაქმებისა და ახალი შრომითი ნებართვების გაცემის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, განისაზღვრა სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება, ასევე ის მიმართულებები, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება იკრძალება.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს.
სხვა სიახლეები
ჩვენი ერთობლივი პროექტები ემსახურება არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ წვლილი შეაქვთ როგორც რეგიონულ, ისე ევროპულ ენერგოუსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაში - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი
26.02.2026.18:02
"სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და ჩვენი ბიზნესწრეების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე" - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიების შემდეგ განაცხადა, რომელიც სამი ქვეყნის 350-ზე მეტი დელეგატის მონაწილეობით წინანდალში გაიმართა. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა გახსნეს.
„ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი ვართ არამხოლოდ გეოგრაფიით, არამედ საუკუნოვანი მშვიდობიანი თანაარსებობით, მეგობრობითა და ნდობით. შემთხვევითი არ არის, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ასობით აზერბაიჯანული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სექტორში - ტურიზმში, უძრავ ქონებაში, წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში. ვფიქრობ, ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად განახორციელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დღეს ემსახურება არამხოლოდ ჩვენი ერების ინტერესებს, არამედ წვლილი შეაქვთ როგორც ფართო რეგიონულ, ისე ევროპულ ენერგოუსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაში" - აღნიშნა ჯაბაროვმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკის აქტიური ზრდის დინამიკას და ეკონომიკური სექტორების განვითარებას.
„ძალიან გვიხარია საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა და ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს იმ შედეგებს, რომელსაც ქვეყანა აჩვენებს" - განაცხადა მიქაელ ჯაბაროვმა. მისივე შეფასებით, საქართველოს მომავალი მიმართულია ეკონომიკური კეთილდღეობის, მშვიდობიანი განვითარების, რეგიონული ვაჭრობისა და პარტნიორობის გაფართოებისკენ.
ბიზნესფორუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო).