საქართველოს აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია ეწვია
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, თბილისში ამერიკის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია ჩამოვიდა.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონგრესის თანამშრომლები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას“, - აღნიშნულია ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი UNFPA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
31.03.2026.17:05
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ფლორენს ბაუერს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ გაეროს სააგენტოების ერთობლივ ძალისხმევას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მდგრად განვითარებასა და ინსტიტუციურ პროგრესში.
„შეხვედრისას, ხაზი გაესვა გაეროს მოსახლეობის ფონდის მნიშვნელოვან როლს ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში. მათ შორის, ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიმართულებით.
საუბარი შეეხო ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით არსებულ მდგომარეობას და აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად გადასადგმელ ნაბიჯებს, მათ შორის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ნაწილში.
აღინიშნა, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით.
შეხვედრისას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026-2030) ფარგლებში არსებულ ნაყოფიერ პარტნიორობას და ითქვა, რომ დოკუმენტი განვითარების პროგრამების ეროვნულ პრიორიტეტებთან და მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.