საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან - ირაკლი კობახიძე
საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.
„მიგრაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს. ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება, არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ, პირიქით, მხოლოდ მისასალმებელია. ბუნებრივია, თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს. ამდენად, მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება აუცილებლად მიმაჩნია.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,914,000-ს შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257 ათასი, ანუ მოსახლეობის 6.6 პროცენტია. დაზუსტებისთვის, ამაში შედის ყველა უცხოელი, საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებულ მონაცემებს რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. თუმცა, მანამდე, საქართველოში მცხოვრები უცხოელების სავარაუდო რაოდენობა საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ. ამ მონაცემების თანახმად:
- საქართველოში მყოფი უცხოელების დაახლოებით 70 პროცენტი (ანუ 180 ათასი ადამიანი) პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეები არიან:
- აქედან, სულ მცირე 40 ათასი ადამიანი საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან/და ქართული გვარის მქონეა;
- საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7.4 პროცენტს თურქები, ხოლო 3.7 პროცენტს ირანელები შეადგენენ, ანუ, გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ, რეგიონის ამ ორი ქვეყნის ჯამური წილი საქართველოს მოსახლეობაში 0.7 პროცენტია;
- ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მიგრანტები პრაქტიკულად საერთოდ არ გვყავს, რაც, სპეკულაციებით დაკავებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი.
საქართველოში სწავლობს 37,000 უცხოელი სტუდენტი, რომელთა უმრავლესობა ინდოეთის მოქალაქეები არიან. სტუდენტების 7% არიან იორდანიიდან, 6% ისრაელიდან, 5% სუდანიდან, ხოლო 3-3% - პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ეგვიპტიდან.
ერთი უცხოელი სტუდენტი, სწავლის გადასახადის სახით, წელიწადში საშუალოდ 15,500 ლარს იხდის და ქვეყანაში დამატებით 16,300 ლარს ხარჯავს. მთლიანობაში, უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის. გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ. შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის არავითარ რისკს არ ქმნიან.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი:
- პირველ რიგში, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20 ათასზე მეტს შეადგენს;
- როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1 მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა.
საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 23.4%-ით გაიზარდა l საქსტატი
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ინტელექტუალური საკუთრების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
20.04.2026.12:05
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით: „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში" გახსნა.
ლევან ჟორჟოლიანმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროპის საპატენტო უწყებასთან პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს საქართველოში სისტემის შემდგომი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის.
„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის გაფორმებულია ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმს ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაციისათვის, არამედ თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოსა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის. 2025 წელს საქართველომ გამოხატა ინტერესი ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების თაობაზე. კონვენციასთან მიერთება ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებასაც ნიშნავს, რაც თავის მხრივ გულისხმობს საქართველოს ევროპის საპატენტო სივრცეში სრულ ინტეგრაციას,"- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, პატენტი, წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმს, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ქმნის პროგნოზირებად და სანდო გარემოს ინოვატორებისთვის, ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის.
„საქართველოსთვის პრიორიტეტულია ძლიერი და კონკურენტუნარიანი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება, რაც მოითხოვს როგორც სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფას, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ძლიერი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა, რომლის შექმნისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ბოლო წლებში, არამედ საპატენტო სისტემის ინტეგრირება ინოვაციის, ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მხარდაჭერის პროცესში,"- აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, „საქპატენტის" თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტო ანტონიო კამპინოსი და EPO-ის აკადემიის მთავარი დირექტორი ხავიერ სეუბა.
საერთაშორისო კონფერენციაში სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.