საქართველო, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების ენერგეტიკული ინტეგრაციის გაღრმავებაში - ინგა ფხალაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკასა და დარგის განვითარების ხედვაზე ისაუბრა კონფერენციაზე „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები" სიტყვით გამოსვლისას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყნის განვითარების პროცესში ენერგეტიკა მნიშვნელოვანი სტრატეგიული საფუძველია, რომელიც როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით საქართველოს გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს.
მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ენერგოეფექტურობის გაძლიერება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.
„საქართველო დიდ პოტენციალს ფლობს განახლებადი ენერგიის მიმართულებით — ჰიდრორესურსები, ქარისა და მზის ენერგია წარმოადგენს შესაძლებლობას, რომელიც გონივრულად უნდა იქნეს ათვისებული. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა. ასევე უმნიშვნელოვანესია ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ბაზრების კოორდინირებული განვითარება. ამ პროცესში, საქართველო, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების ენერგეტიკული ინტეგრაციის გაღრმავებაში", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
სანდო და პროგნოზირებადი საინვესტიციო გარემო და ინვესტორთა მხარდაჭერის მექანიზმები კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა. ინგა ფხალაძის შეფასებით, ინვესტიციების გაძლიერება, ადგილობრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რეგიონში ის ადგილი დაიკავოს, რომელიც მის პოტენციალს და სტრატეგიულ მნიშვნელობას შეესაბამება.
კონფერენციის მონაწილეებს ინგა ფხალაძემ ასევე ენერგეტიკის სექტორში მსხვილი პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გააკეთა, რომლის განვითარებაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.
„აღნიშნული ინიციატივა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გადაიქცეს რეგიონულ და ევროპულ ენერგეტიკულ ქსელებს შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლად. შესაბამისად, ეს პროექტი საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკას სრულიად ახალ განზომილებას სძენს და ევროკავშირის ენერგეტიკულ სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით ქმნის უპრეცედენტო პერსპექტივას", - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი დავით ნარმანია და საქარტველოს ბანკის გენერალი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
ოფიციალური მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ბიზნესის წარმომადგელებთან. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა ჯანდაცვის მიმართულებით - ლევან ჟორჟოლიანი „ჩენდლერის ინსტიტუტის" რეიტინგზე
15.12.2025.18:02
„ჩენდლერის ინსტიტუტის" 2025 წლის კარგი მთავრობის ანგარიშში, ხარჯეფექტურობის რეიტინგში საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანგარიში მოიცავს ორ მიმართულებას, ეს არის განათლება და ჯანდაცვა.
„ჩენდლერის ინსტიტუტის" 2025 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის მიხედვით, გამოქვეყნდა ხარჯთეფექტურობის რეიტინგი, რომელშიც საქართველო ევროპის ფარგლებში მე-14 ადგილზე გავიდა, გაუსწრო ევროკავშირის, ნატოსა და შენგენის ზონის 25 სახელმწიფოს. აღნიშნული ანგარიში ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებს. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში მოიცავდა ორ მიმართულებას, ეს არის განათლება და ჯანდაცვა. ამ კვლევის მდგენელია - ერთ სულ მოსახლეზე რა წილი მოდის ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ასევე რა არის წიგნიერების მაჩვენებელი, როგორი არის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელი. ამას ვუკავშირებთ იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მიმართულებით. ფაქტია, რომ ის პროგრამები, რომლებიც შემუშავდა, არა მხოლოდ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, არამედ მიზნობრივი, სოციალური პროგრამები, მიმართულია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდისკენ და ამას მოწმობს პენსიონერების გაზრდილი რაოდენობა. განათლების მიმართულებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, რადგან დაგეგმილია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც მოიცავს 2 ძირითად მიმართულებას, ეს არის ინფრასტრუქტურული ნაწილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების ხარისხის ნაწილი. ვფიქრობთ, მომავალ წლებში ამ კვლევებში უკეთესი შედეგი ექნება საქართველოს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.