საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2018 წლის იანვარში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლამ, რომელიც ქართული ექსპორტის თითქმის 95 პროცენტს მოიცავს, თამაშის წესები შეცვალა და მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობის მოცულობა.
„მხოლოდ 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც შთამბეჭდავი - 15-პროცენტიანი ზრდაა. ვაჭრობის ამგვარი მატება ასახავს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სიძლიერეს და მომავალ წლებში გაფართოების კიდევ უფრო დიდ პოტენციალზე მიუთითებს. ჩინეთის მიერ მისივე უზარმაზარი ბაზრის გახსნისკენ მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ძირითად სექტორებზე წვდომის გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უქმნის ქართულ ბიზნესს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გლობალურ ბაზრებზე გავიდნენ და ინოვაციები აითვისონ.
ჩინეთსა და საქართველოს შორის შუა დერეფნის გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 71 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, 2024 წელს გადაზიდული ტვირთების მოცულობა წინა წელთან შედარებით 15-ჯერ მეტი იყო. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
07.11.2025.17:42
თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. ონლაინ შეხვედრა, ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობას ეხებოდა.
საკრებულოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი.
თურქეთის მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის პრეზიდენტი ირფან შაჰინი ბერიძე, თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის დამფუძნებელი ადემ თურანი შავაძე, ასევე ასოციაციის პიარ მენეჯერი მანანა გაბრიჭიძე.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთის, განსაკუთრებით კი ქალაქ ბურსასა და ორჰანღაზის ქართველობას და თბილისს შორის სამომავლო თანამშრომლობა — საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება, ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და საერთო კულტურული ინიციატივების მხარდაჭერა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთში მრავალი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით აქტიურად იცავენ ეროვნულ იდენტობას, ასეთი შეხვედრები კი მნიშვნელოვნად ეხმარება მომავალ თაობებს, რომ არ დაკარგონ ენა, ტრადიციები და კულტურული ფესვები.
თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაცია 1995 წლის აპრილში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია თურქეთის ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართული კულტურის, ცეკვის, მუსიკისა და ენის პოპულარიზაცია დიასპორის ახალ თაობებში.