საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში - ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს l ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო სომხეთისთვის არის გზა ევროკავშირში.
მან მოითხოვა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან გააგრძელოს კონსტრუქციული ურთიერთობა.
„საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში. ჩვენ ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესი მას შემდეგ დავიწყეთ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამან სომხეთის წევრობის პერსპექტივა ხელშესახები გახდა. ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს სომხეთისთვის მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
09.04.2026.14:57
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, თინათინ ნიბლოშვილთან და ლევან ჯაფარიძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობის წინ არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, რომელთა თავგანწირვამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა. მათი სიმამაცე და შეუდრეკელი ნება დღემდე რჩება სახელმწიფოს ძლიერების და საზოგადოების ერთიანობის მაგალითად. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ იმ იდეალებს, რომელთათვისაც მათ სიცოცხლე გაწირეს და განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
9 აპრილის მოვლენებიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წელს, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.