სამხრეთ კორეასთან ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ამოქმედება ინვესტიციებს წაახალისებს - გენადი არველაძე
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყოს ეკონომიკურ თანამშრომლობას კორეის რესპუბლიკის მხარესთან და წაახალისებს ინვესტიციებს ქვეყნებს შორის. „კორეის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ უდიდესი პოტენციალი არსებობს. საქართველოსა და კორეას შორის საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი, აგრეთვე მკაფიო გზავნილი და დამატებითი სტიმულია კორეელი ინვესტორებისათვის სამომავლოდ ინვესტიციების განსახორციელებლად ქვეყნის შერჩევისა და კორეიდან საქართველოში ინვესტიციების წახალისებისთვის," - აღნიშნა გენადი არველაძემ.
შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი კორეის რესპუბლიკაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან პირველი ინვესტიცია 1997 წელს განხორციელდა, ხოლო 2024 წლის ჩათვლით, ინვესტიციების საერთო მოცულობამ 215.38 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო წლების განმავლობაში კორეიდან ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა.
სხვა სიახლეები
06.06.2025.02:23
მე არ ვიცი რა არის ელჩის წასვლის მიზეზი, ვიცით ის, რაც გაცხადდა ელჩის მიერ. ფაქტია ასეთი, რომ აშშ-ს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შეფასებისას.
„აშშ-სთან ურთიერთობები ჩვენთვის რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ეს არ არის ჩვენი ბრალი. ბოლო წლებში ვაკვირდებოდით დრამატულ გაუარესებას ამ ურთიერთობების და მოვედით იმ დონემდე, რომ მტრულ აქტებს არქმევენ მეგობარ აქტებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საელჩოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით აშშ-ს საელჩოს საქმიანობას ბოლო პერიოდში, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესებაში ასეთ საელჩოს გარკვეული წვლილი შეეტანა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.