სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება - ირაკლი კობახიძე
სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაზრების დივერსიფიკაცია სტაბილურობისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია.
„მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა. ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია. აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგი - 2018 წლის შემდეგ სექტორის მთლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა; თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.
ცალკე უნდა გამოვყოთ ექსპორტის მიმართულება. დღეს საგარეო გაყიდვები 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ექსპორტი ძირითადად რამდენიმე პროდუქტს ეყრდნობა. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტაბილურობის და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია ამ და სხვა საკითხებზე კონკრეტულ ნაბიჯებად გადაიქცევა და როგორც მთავრობას, ისე ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
09.04.2026.14:57
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, თინათინ ნიბლოშვილთან და ლევან ჯაფარიძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობის წინ არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, რომელთა თავგანწირვამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა. მათი სიმამაცე და შეუდრეკელი ნება დღემდე რჩება სახელმწიფოს ძლიერების და საზოგადოების ერთიანობის მაგალითად. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ იმ იდეალებს, რომელთათვისაც მათ სიცოცხლე გაწირეს და განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
9 აპრილის მოვლენებიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წელს, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.