საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ბატონმა ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში.
„ჩვენ, ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს. ამას ვაკეთებთ ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს.
ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ლანდშაფტზე და მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რისთვისაც ბატონ ფედერალურ კანცლერს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
07.04.2026.15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორებში. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე რეგიონში დამატებითი ტვირთის მოზიდვისა და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ისე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღინიშნა, რომ ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია, რომელსაც 2025 წლიდან ჩინური მხარე შეუერთდა. მხარეების შეფასებით, ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში მიმდინარე მსხვილი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის მილიარდიანი ინვესტიცია სალოკომოტივე და სავაგონე პარკის განახლებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.