საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს პაატა სალია. აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში.
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. განსაკუთრებული წარდგენა არც მას ჭირდება. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
წარმატებებს ვუსურვებ გრიგოლ ლილუაშვილს, ანრი ოხანაშვილს და პაატა სალიას ახალ თანამდებობებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
13.03.2026.14:46
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰიონ დუ კიმმა მოაწერეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
„კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით კავშირების გაღრმავებისთვის. აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ჰიონ დუ კიმმა აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც კორეის რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას, რაც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და სატყეო სექტორს, ასევე, კლიმატთან დაკავშირებულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებს.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.