საქართველო გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში - პრემიერი
საქართველო წარმოადგენს გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორს ამ, გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. საქართველო განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში, რაც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა აკავშირებთ, რომელიც ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე და კმაყოფილებით დავაფიქსირეთ, რომ ამ წლების განმავლობაში პარტნიორობამ და თანამშრომლობამ ჩვენს ქვეყნებს შორის მიიღო მრავალგანზომილებიანი ხასიათი, რომელიც ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს. ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა სექტორებზე, განსაკუთრებით ცალკეულ სფეროებში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე, პირველ რიგში სამართალდაცვით სფეროში, განათლების, კულტურის, მეცნიერების სფეროებში.
გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საქართველოსთან ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში. საქართველოში არაერთი გერმანული კომპანია ოპერირებს წარმატებულად და ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც იქნება გადასადგმელი იმისთვის, რომ გერმანიის ეკონომიკის სექტორი უფრო დავაინტერესოთ საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური შესაძლებლობებით,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
07.04.2026.15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორებში. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე რეგიონში დამატებითი ტვირთის მოზიდვისა და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ისე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღინიშნა, რომ ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია, რომელსაც 2025 წლიდან ჩინური მხარე შეუერთდა. მხარეების შეფასებით, ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში მიმდინარე მსხვილი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის მილიარდიანი ინვესტიცია სალოკომოტივე და სავაგონე პარკის განახლებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.