საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი - ოლივერ ვარჰეი
შესაძლოა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხელშესახები პროექტი რაც გვაქვს ჩვენს წინ, არის შავი ზღვის ელექტროენერგიის და ინტერნეტის ფართოზოლოვანი კაბელის პროექტი, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა − ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან − ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლივერ ვარჰეის თქმით, ეს არის ის დიდი, მასშტაბური პროექტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო სხვა პარტნიორებისთვის, არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებში, სხვა რეგიონებში.
„ეს მოდელი, რომელიც ჩვენ შევქმენით, იმისათვის, რომ მწვანე ენერგია შემოვიტანოთ ევროპაში და ფართოზოლოვანი, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი მივიტანოთ საქართველოში და შესაბამისად, გაციფროვნებული ეკონომიკა შევქმნათ საქართველოში, არის სამაგალითო ყველა პარტნიორისთვის.
რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა სატრანსპორტო კავშირებზე, სადაც ახალი სავაჭრო კავშირები და მარშრუტები არის გადამწყვეტი და საქართველოს აქვს მთელი პოტენცია, რომ გახდეს ცენტრი ახალი სავაჭრო მარშრუტის და ამისთვის გვჭირდება შავი ზღვა, რომ იქცეს ახალ დერეფნად ევროპისკენ და ამისთვის ჩვენ გვჭირდება საპორტო ინფრასტრუქტურის შეკეთება და გაუმჯობესება.
ასევე ვახსენე უახლოესი ნაბიჯები, რაც გულისხმობს ღია შესაძლებლობად საქართველოსთვის პირველ ორ სფეროს, სადაც უკვე გვაქვს წინსვლა, ეს არის როუმინგი და ევროპაში პირველი ანგარიშსწორების მექანიზმები. როუმინგი არის პრინციპში ის სფერო, სადაც საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი ტემპით განახორციელა ნაბიჯები და ანგარიშსწორების სისტემა არის ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ურთიერთჩართვა ვიქონიოთ და ამით როუმინგის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება და მონაცემთა გაცვლის ხარჯები ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება, როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის. ეს იქნება ის საეტაპო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ცხადი და შესამჩნევი და იქნება ხელშესახები ვიზალიბერალიზაციის შემდეგ.
მეორე სფერო და მიმართულება, სადაც ვმუშაობთ, არის ეს ანგარიშსწორების სისტემა. აქ ჯერ კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი, თუმცაღა მნიშვნელოვანია, რომ საქართველო როგორც კი მზად იქნება, ჩვენ უკვე მზად ვართ, საუბარია საკანონმდებლო ნორმების დახვეწაზე, საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესებაზე, იმისათვის, რომ გადავიდეთ ერთიან ევროპულ საანგარიშსწორებო სისტემაზე.
ამიტომ, როგორც ვიცით ყველამ კარგად, საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენ შეხვედრაზე ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენ გადავდივართ უფრო დიდი სიჩქარით ახალი სიმაღლეებისკენ და ეს იქნა აღნიშნული. დიდი მადლობა", - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით - მარიამ ქვრივიშვილი
20.02.2026.17:50
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირებს,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანს, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის მთავრობის წევრებთან საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ავიაციაზე, ტრანსპორტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა რკინიგზაზე.
„შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას უშუალოდ სიმბოლური ტარიფის დაწესების თვალსაზრისით, რაც აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ხელშეწყობას უზრუნველყოფს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, სომეხ კოლეგებთან შეხვედრებზე ასევე საუბარი წარიმართა ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. „აღნიშნული გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ვაჭრობას, ექსპორტ-იმპორტს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ქვეყნის როლს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც სომხეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტს, ასევე ტრანზიტს საქართველოს გავლით," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც მაღალი დონის შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება, ვაჭრობა იყო. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეტი ქართული პროდუქცია სომხეთში და ამისთვის განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკას ვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.