რიგ ქვეყნებში, სადაც „იგლ ჰილსი" ახორციელებს ინვესტიციებს, მაქსიმალური ვალდებულებებით არის დატვირთული სახელმწიფოს მხარე, თუმცა, ქართული პროექტი განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც სხვა სახის ვალდებულებებში არ შესულა ინვესტორთან - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ აქცენტს აკეთებს როგოც შიდა, ისე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე. მინისტრის შეფასებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულია, რადგან ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ისტორიული მოცულობის - 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის შემოტანა. ამ თემაზე მარიამ ქვრივიშვილმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში" ისაუბრა.
„ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცნობილი ჯგუფი, კომპანია „იგლ ჰილსი" იწყებს პროექტის განხორციელებას ორ ძირითად ლოკაციაზე - ეს არის გონიო და დედაქალაქი, სადაც, ფაქტობრივად, ორი ახალი დანიშნულების, მულტიკომპლექსური ადგილი განვითარდება, რომელიც გააერთიანებს განთავსების ობიექტებს, სარესტორნო სივრცეებს, სასტუმროებს, ასევე საცხოვრებელ სივრცეებს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და არ არსებობს არავითარი რისკები, რაზეც ხშირად სპეკულირებენ.
„ბევრი სპეკულაცია ისმის ამ პროექტის გარშემო და, სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც კარგი საქმე კეთდება, მაქსიმალურად არის ხოლმე მცდელობა, ის გადაიფაროს. ამიტომ რაღაც ეტაპამდე დაგვჭირდა იმის ახსნა, რომ ეს არის კარგი საქმე და არავითარი რისკები ამ პროექტში არ არის. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ სახელმწიფოს არავითარი ფორმით არ აუღია რაიმე ფინანსური ვალდებულება და არც ფინანსური გარანტია მიუცია ინვესტორისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ახორციელებს უპრეცედენტო ინვესტიციას. ხაზგასასმელია, რომ რიგ ქვეყნებში, სადაც იგივე კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს, მაქსიმალური ვალდებულებებით არის დატვირთული სახელმწიფოს მხარე, თუმცა, ქართული პროექტი ნამდვილად განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა სახის ვალდებულებებში არ შესულა ინვესტორთან" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო იქნება თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, 33 პროცენტიანი წილით, რაც, დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის, მიიღოს კიდევ უფრო მეტი შემოსავალი.
„პროექტის დადებითი ეფექტები ძალიან ბევრია, მათ შორის, ხაზგასასმელია და მთავარი ის, რომ დაახლოებით 11 მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი ექნება ჩვენ ქვეყანას, დაახლოებით 25 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მშენებლობის დაწყების დღიდან და მერე უკვე დაახლოებით 8000 სამუშაო ადგილი გვექნება გონიოსა და დედაქალაქში, როცა პროექტი ოპერირებას დაიწყებს. მას მერე, რაც მშენებლობა დაიწყება, ყოველწლიურად, ბიუჯეტი მინიმუმ 500 მილიონ ლარს მიიღებს მხოლოდ გადასახადების სახით, ხოლო პროექტის სრულად კომერციულ ოპერირებაში გაშვების შემდეგ სახელმწიფოს 33 პროცენტი წილის პროპორციული დივიდენდი, ყოველწლიურად, იქნება 200 მილიონი ლარი" - განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი ასევე გამოეხმაურა სპეკულაციებს ე.წ. „არაბიზაციის" შესახებ.
„ბევრი სპეკულაცია ისმის ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - არავითარი კავშირი ინვესტიციას მიგრაციის ზრდასთან არ აქვს, ასევე არავითარი კავშირი არ იქნება, მათ შორის, ბინებისა თუ აპარტამენტების გაყიდვასა და ბინადრობის უფლების მინიჭებას შორის, ეს ძალიან მკაფიო და ცალსახა პოზიციაა არავითარი ამის მსგავსი არსებულ ხელშეკრულებაში არ წერია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
24.12.2025.17:43
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში".
პანელური დისკუსიის ფარგლებში ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების ჩართულობას, რისთვისაც სებ-ის პრეზიდენტმა მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ცენტრალურ ბანკებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. მისივე თქმით, გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა მოითხოვს უკეთეს თანამშრომლობას საფინანსო სექტორებს შორის და ამ მხრივ, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ახალი ფინანსური პროდუქტების დანერგვის კუთხით.
დისკუსიის ფარგლებში ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში მაღალი მდგრადობა აჩვენა გლობალური შოკებისა და გაურკვევლობის პირობებში, რასაც ადასტურებს ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიზნობრივ დონეზე დაბალი მაჩვენებელი, ფასების სტაბილურობა და ფინანსური სექტორის ჯანსაღი მდგომარეობა.
„როდესაც ვსაუბრობთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უნდა ვიცოდეთ რომ საქართველო ერთ-ერთი ძალიან იშვიათი მაგალითია გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ერთდროულადაა მაღალი ეკონომიკა და დაბალი ინფლაცია. ეს ძალიან იშვიათი შეხამებაა. ჩვენთან მაღალი ზრდაა და დაბალი ინფლაციაა იმის გამო, რომ პროდუქტიული დარგები ვითარდება" - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ინფლაციის კონტროლი და მონეტარული პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით დადებით შეფასებებშიც აისახა და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ საერთაშორისო ნდობას აძლიერებს.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათი მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ეკონომიკური შოკების მიმართ ქვეყნის მდგრადობას ზრდის და საინვესტიციო გარემოს დამატებით ამყარებს.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველო მედეგია, ეკონომიკამ გაუძლო შოკებს და ზოგადად პოტენციურადაც გაუძლებს შოკებს და იჩენს მედეგობას მიუხედავად გეოპოლიტიკური ვითარებისა, ერთ-ერთი მნიშნველოვანი კომპონენტია ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები. ეს არის ჩვენი ბუფერი, რომლითაც ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევებს", - დასძინა ნათია თურნავამ.