„რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი - „კარფურის" გენერალური დირექტორი
ჩვენი კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც ცნობილია, როგორც „ქეშბექი“ - ეს არის ფასდათმობა. ფასდათმობა არსებობს ორი სახის: ეს შეიძლება აისახოს უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში, ან ეს არ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში და წარმოჩნდება მოგება-ზარალის უწყისში ცალკე ხაზად, - განაცხადა კომპანია „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, დღესდღეობით, საქართველოში მოქმედებს ფორმატი, როდესაც ფასდათმობა უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში არ აისახება. მან ასევე განმარტა საცალო ვაჭრობაში არსებული „რიბეითის“ ორგვარი დანიშნულება.
„დღესდღეობით, საქართველოში მოქმედებს ფორმატი, როდესაც ფასდათმობა უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში არ აისახება. ჩვენს შემთხვევაში და ზოგადად, „რითეილში", „რიბეითს" აქვს ორი დანიშნულება. ორი სახეობაა „რიბეითის": ერთი ასახავს იმ სერვისს, რომელსაც „რითეილერი" უწევს მწარმოებლებს ან დისტრუბუტორებს და ეს სერვისი შეიძლება იყოს პროდუქციის განთავსებაში თაროზე, ასორტიმენტის მართვაში, პროდუქციის რეკლამირებაში, ბრენდის წარმოჩენაში და ა.შ. - ეს არის ერთი ტიპის სერვისი და „რიბეითების" ერთი ტიპის ჯგუფი. „რიბეითების" მეორე
ჯგუფი დაკავშირებულია რაოდენობაზე, მოცულობის ზრდაზე, რასაც ჩვენ პროგრესულ „რიბეითებს" ვეძახით და მიიღწევა მწარმოებელთან გარკვეული მოცულობის მიღწევის შემთხვევაში,“ - აღნიშნა ქარქაშაძემ.
„კარფურის“ გენერალური დირექტორის თქმით, „რიბეითს“ იყენებენ პროდუქციის ფასის შემცირებისთვის.“
მისივე განცხადებით, მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისთვის, კომპანიას აქვს ძირითადი მოხმარების პროდუქტების კალათა, რომელში შემავალ პროდუქციაზეც მუდმივად კონტროლდება ფასები.
„რიბეითები“, ერთი მხრივ, წარმოადგენს ჩვენს სერვისს, რომელსაც ვუწევთ მომწოდებლებს, დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს - ეს ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია პროდუქციის წარმოჩენისთვის და რეალიზაციისთვის. ამავდროულად, „რიბეითებს“ ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა ის გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. კარფურისთვის ეს არის მთავარი ფილოსოფია, რაოდენობაზე, მასშტაბირებაზე გათვლილი ბიზნეს-მოდელი და შესაბამისად, 80% ამ რიბეითის უშუალოდ მიდის თაროს ფასის შემცირებაზე, რათა გავხადოთ პროდუქცია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.
ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასორტიმენტი გვაქვს ქვეყანაში წარმოდგენილი - 40 ათას ერთეულამდე - იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მომხმარებლის ინტერესები, გამოყოფილი გვაქვს სრული პორტფელიდან ულტრა-სენსიტიური და სენსიტიური კალათა. ესენია ძირითადად ყველაზე სწრაფად მოხმარებადი და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, რომელზეც მუდმივად გვაქვს კონტროლი ფასებთან მიმართებით, რათა ეს პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. ეს პროდუქციაა: შაქარი, ზეთი, წიწიბურა, პური, ბრინჯი და მსგავსი ტიპის პროდუქცია,“ - განაცხადა დავით ქარქაშაძემ.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
09.04.2026.14:57
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, თინათინ ნიბლოშვილთან და ლევან ჯაფარიძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობის წინ არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, რომელთა თავგანწირვამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა. მათი სიმამაცე და შეუდრეკელი ნება დღემდე რჩება სახელმწიფოს ძლიერების და საზოგადოების ერთიანობის მაგალითად. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ იმ იდეალებს, რომელთათვისაც მათ სიცოცხლე გაწირეს და განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
9 აპრილის მოვლენებიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წელს, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.