რევაზ სოხაძემ ესპანურ კომპანია Aqualia-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ესპანური წყლის მართვის კომპანიის Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორს სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასს და GWP-ის აღმასრულებელ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემით უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ ნაბიჯებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.
„მინისტრმა სტუმრებს გააცნო რეგიონების ქალაქებსა და სოფლებში სტაბილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებსაც სამინისტროს მართვაში არსებული „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესპანურ კომპანიასთან თანამშრომლობა, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას.
Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს მაღალი ინტერესი სამინისტროს დაგეგმილი პროექტების მიმართ და დაადასტურეს მზადყოფნა, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატები, მათ შორის გამოცდილების გაზიარებისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი კობერიძე და მზია გიორგობიანი, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი გიორგი შონია, GWP-ის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე და კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბან ფერნანდესი და რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი.
Aqualia ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი წყლის მართვის კომპანიაა, რომელიც რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ახორციელებს მდგრად ინფრასტრუქტურულ პროექტებს და თანამედროვე მომსახურებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ - ლაშა ავალიანი
02.04.2026.17:06
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.
„უკვე სტერილურ და მიკედლებულ ცხოველს ადგილზე ჩაუტარდება ვაქცინაცია და შეფასდება მისი მდგომარეობა, ხოლო არაიდენტიფიცირებული და არასტერილური ცხოველების გადაყვანა მოხდება და მათი რაოდენობა ყველა დაინტერესებულ პირს ეცოდინება. ისინი ასევე ინფორმირებულები იქნებიან გეგმა-გრაფიკის მიხედვით ამ ცხოველების დაბრუნების თაობაზეც, რომ კითხვის ნიშნები არ იყოს რა რაოდენობით წაიყვანეს და რა რაოდენობით დააბრუნეს, როგორც არის ახლა ზუგდიდის მაგალითზე - ხვალ უკვე დადასტურებულად ეცოდინება ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ 57 წაყვანილი ძაღლიდან, 57-ვე ეტაპობრივად დაბრუნდა იმავე ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ცხოველების მეპატრონეების პასუხისმგებლობის საკითხზე.
„მიმდინარე წელს, რეგიონების მიხედვით, მოხდება გარკვეული რაოდენობის ცხოველების სტერილიზაცია და კასტრაცია, ხოლო მომავალი წლიდან ეს ვალდებულება უკვე მეპატრონეს ექნება. სწორედ ამ გზით მივაწოდებთ ინფორმაციას პატრონიანი ცხოველების მფლობელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არიან მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი წყარო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში, ცოფის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაციის პარალელურად, მოხდება პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია, წინასწარი მონაცემებით იდენტიფიკაციას დაახლოებით 102 000 ცხოველი გაივლის, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმაა“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.