ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველამ ამ ქვეყანაში, მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც - ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას და გადავეცი ჩვენი მთავრობის პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ. არცერთი ქვეყანა და მთავრობა არაა იდეალური. ეს არის მუდმივი პროცესი, საჭიროა მუდმივი ჩართულობა. რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ევროკომისიასთან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც - ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთადერთი სწორი ისტორიული პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - აცხადებს ღარიბაშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.