ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ახლა უწევთ განსხვავებული მესიჯებით გამოსვლა - ირაკლი კობახიძე არასამთავრობოების ნაწილზე
"ენჯეოებიც" ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი: უცხადებდნენ ევროკომისიას, რომ მხოლოდ ორი პუნქტი იყო შესრულებული, უცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ახლა უწევთ განსხვავებული მესიჯებით გამოსვლა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი მიმართვის შეფასებისას განაცხადა, სადაც ხელმომწერი ორგანიზაციები ქართველი ხალხისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
კობახიძის შეფასებით, არასამთავრობოების მცდელობა, ხელოვნურად გამიჯნონ ერთმანეთისგან ხალხი და ხელისუფლება, მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე მეტყველებს. მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სტატუსს ხელისუფლება და ხალხი ერთად იღებს.
"რაც შეეხება ნარატივს, რომ აქეთ არის ხელისუფლება, იქით - ხალხი, ესეც მიანიშნებს მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე. როდესაც ხდება ასე ხელოვნურად ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა, ეს არის ერთი: აბსურდული განცხადებები და მეორე - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათ მუდმივად სურთ, სახელმწიფო გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ, უხეშად რომ ვთქვათ, არავინ "ჭამს" ამას. არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები მიიღებენ ასეთ აბსურდულ მესიჯებს და ვერც ქვეყნის შიგნით გაიყიდება ეს მესიჯები.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც სტატუსს იღებს ქვეყანა, ამ სტატუსს იღებს ხელისუფლება ხალხთან ერთად და ხალხი ხელისუფლებასთან ერთად- ეს ყოველთვის ასეა, ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - სულხან თამაზაშვილი
01.01.2026.01:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.
„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!
გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,
რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ.
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.