ქვეყანაში ყოფნის ვადების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან საქართველოში ძალაში შედის ქვეყანაში ყოფნის ვადების დარღვევისთვის ახალი წესები და ჯარიმები. ამ მიმართულებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლლებები რამდენიმე დღეში ამოქმედდება.
საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.
2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.
3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. ფიზიკური პირის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა ან/და მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობისას ამის თაობაზე ეცნობებათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომლებიც აღნიშნული ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მიერ ჯარიმის გადახდამდე მასზე არ გასცემენ საქართველოს ვიზას და მას არ მიეცემა საქართველოში შემოსვლის ნებართვა.“.
უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილებას ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება აღსრულდეს, თუ უცხოელს:
ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა − მის მიერ ამ სახდელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მისი გათავისუფლებისთანავე;
ბ) ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს ამავე კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა, – მის მიერ ამ სახდელის მოხდამდე.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები იყენებენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს.“.
სხვა სიახლეები
19.09.2025.16:46
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის ლიდერების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა იმართება, რომელშიც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობენ.