ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას - ირაკლი კობახიძე
დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები.
პრემიერმა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცა შეიარაღებული ძალების ვეტერანებს.
„ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოს სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, თუმცა ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთა შორის, თქვენ უპირველესი ადგილი გიჭირავთ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა იქნებით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იმედს ყოველთვის გაამართლებთ. გარწმუნებთ, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს!,"- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი ამოცანაა შევქმნათ თანაბარი პირობები ქართული და საერთაშორისო კომპანიებისთვის - რევაზ სოხაძე
13.02.2026.10:34
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქართული სამშენებლო კომპანიების საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ადგილობრივი ბიზნესისთვის თანაბარი და კონკურენტული გარემოს შექმნა.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ელოდება, რომ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ბიზნესის აქტიურობა შესაბამისი იქნება და ქართული კომპანიები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო ტენდერებში.
მისი თქმით, უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიონ საერთაშორისო კომპანიებს და სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა მსხვილ პროექტებში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავდეს ძლიერი სამშენებლო კომპანიები. ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ ძლიერი ადგილობრივი სამსენებლო სექტორია. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, უკვე შექმნილია პირობები, რომ ქართული კომპანიები საერთაშორისო პროექტებში უფრო ფართოდ ჩაერთონ,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროსთვის მნიშვნელობა არ აქვს კომპანია ქართული იქნება თუ უცხოური - მოთხოვნები ყველასთვის თანაბარია და მთავარი კრიტერიუმებია სამუშაოების მაღალი ხარისხი და პროექტების დროულად დასრულება.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში შესრულება.
“ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კომპანია ქართული იქნება თუ უცხოური — მოთხოვნა ყველას მიმართ თანაბარია. ეს მოთხოვნა გულისხმობს მაღალ ხარისხს და სამუშაოების დროულ დასრულებას. სწორედ დროულ შესრულებას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა,“-აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.