პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
„გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია. თუმცა, ბრალდებულმა რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარმდგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი.
2023 წლის 10 მაისს, მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.
შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.
ბრალდებულის ამ ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა.
ვინაიდან ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რესურსი ყოველთვის არსებობს. სამართლიან ფასებზეა საუბარი, რომელიც უნდა იყოს - ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი
28.01.2026.14:30
მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო ჯგუფის წევრები ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის მიზანი ფასების რეგულირებაა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა, რესურსი ფასების რეგულაციებისთვის არსებობს.
„რესურსი ყოველთვის არსებობს თანამშრომლობის საფუძველზე. სამართლიან ფასებზეა საუბარი, რომელიც უნდა იყოს. საქართველოში ფასთა წარმოქმნის რეგულაციის პროცესი უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. საუბარი ალბათ არის პროცესის უფრო გაუმჯობესებაზე, მეთოდოლოგიის დახვეწაზე და გავრცელებაზე მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებში. დაახლოებით 7 ათასი მედიკამენტი საქართველოში უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით. ალბათ პირველ ეტაპზე უპრიანია ვისაუბროთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე. მედიკამენტებზე, რომელიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.