პრემიერმა, ევროკომისართან შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობა განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს კადრი სიმსონს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო ახლა ელის, რომ დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები საბოლოო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ და ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის დაწყების მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარ კადრი სიმსონს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.
განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მზადაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობაში მისი სატრანზიტო პოტენციალისა და მწვანე ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზით.
საუბარი შეეხო გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.
ყურადღება გამახვილდა იმ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო და განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას, აქვს.
აღინიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს.
ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკომისრის კაბინეტის წევრი ბარბარა გლოვაკა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
13.03.2026.14:46
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰიონ დუ კიმმა მოაწერეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
„კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით კავშირების გაღრმავებისთვის. აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ჰიონ დუ კიმმა აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც კორეის რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას, რაც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და სატყეო სექტორს, ასევე, კლიმატთან დაკავშირებულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებს.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.