პრემიერ-მინისტრმა ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა
მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში - ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.
ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტების ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს წარმატებები უსურვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.15:23
„მრავალი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობა და დღეს ჩვენს ქვეყნებს აქვთ ფრიად ახლო კეთილმეზობლური ურთიერთობები, რომელიც მიმართულია ნდობაზე დამყარებულ ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარებისკენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო - საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენ განვიხილავთ ისეთივე მნიშვნელოვნად, როგორც პოლიტიკურ ურთიერთობებს", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის ორი ქვეყნის კერძო სექტორების თანამშრომლობაზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგად უკანასკნელი წლების განმავლობაში, სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ტოპ-ათეულში უცვლელად იკავებს წამყვან პოზიციებს - 2024 წელს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა შორის სომხეთი მე-9 პოზიციაზე იმყოფებოდა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის დონეზე. მიმდინარე ეტაპზე, საქართველოში სომხური კაპიტალით 600 კომპანია მოქმედებს სხვადასხვა სექტორში. ამასთან, მინდა, აღვნიშნო გასულ წელს „საქართველოს ბანკის ჯგუფის" განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიცია სომხეთში, რაც შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების განმტკიცების მნიშვნელოვან ნაბიჯად. სომხეთი იმსახურებს ნდობას ქართველი ინვესტირების მხრიდან", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ხედვა მოიცავს მაღალი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა-განვითარების მთავარი ტენდენციები და არსებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო, ასევე საქართველოს მაღალი პოზიციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეიტინგებში.
„2024 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 9.4% შეადგინა, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 2025 წელიც პოზიტიურად დაიწყო - იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია. ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში პოზიციონირდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვაქვს ამბიციური მიზნები, გავხდეთ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო დანიშნულების ადგილი მსოფლიო რუკაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური უწყებების და ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა. მათ შორის საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე, რომელმაც სომხეთის ბიზნეს-სექტორს საქართველოში მოქმედი კერძო სექტორის მხარდამჭერი პროგრამები და მექანიზმები გააცნო.