პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ქვეყანაში უზრუნველყოფილია სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
„ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია ეკონომიკური ზრდის მიხედვით. ამას რამდენიმე მიზეზი ამყარებს: პირველია პოლიტიკური სტაბილურობა. ვიტყოდი, რომ ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია: რეგიონში - უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია საერთო ჯამში არ არის მარტივი. თუმცა, ამ სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. საგადასახადო განაკვეთები ძალიან დაბალია და გვაქვს სწორი საგადასახადო პოლიტიკა, რაც კარგ პირობებს ქმნის საქართველოში საინვესტიციო საქმიანობისთვის. გვაქვს მარტივი ბიუროკრატია, რაც ასევე ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეფექტური მართვით გამოირჩევა. ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა. თუ საერთაშორისო, გლობალურ ინდექსებს გადავავლებთ თვალს, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით. ევროკავშირის 8-9 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს. ყოველივე ეს კარგ პირობებს ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა: სწორი გარემო შევქმნათ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა გლობალურ რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ამას ხელს უწყობს ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობაც.
„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სტრატეგიული მდებარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ. ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, დაკავშირებადობაში. მსხვილი კაპიტალდაბანდება ხორციელდება მაგისტრალებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, ციფრულ დაკავშირებადობაში. შავი ზღვის სანაპიროზე ვგეგმავთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. მაგისტრალების მშენებლობაში ვდებთ ინვესტიციებს, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს თანამედროვე ჩქაროსნული მაგისტრალები 2030 წლისთვის. განვახორციელეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. დიდი ინვესტიციები იდება ასევე ციფრულ დაკავშირებადობაში. ვცდილობთ გლობალური მასშტაბით გავაფართოოთ ეკონომიკური თანამშრომლობის არეალი. ამჟამად საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს 40-ზე მეტ ქვეყანასთან. ესენია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები, ჩინეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება განვითარებაში და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომ ხელშეწყობაში. მოზიდული გვაქვს 8 მილიარდზე მეტის ინვესტიცია. საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა და საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს დიდი მიღწევაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემიძლია გაგიზიაროთ ეკონომიკური პარტნიორებისთვის საქართველოს სანდოობის დასადასტურებლად: საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა. მისი განთავსება სულ ახლახან ლონდონის ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე განხორციელდა. მასზე მოთხოვნა 5.5-ჯერ მეტი იყო და 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ესეც ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ დიდ ინტერესს და ჩვენი ეკონომიკის სანდოობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ კომპანია Eagle Hills-მა 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
„ეს არის პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაიწყო და წინასწარი გაყიდვების შედეგებს თუ შევხედავთ, სახეზეა ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს მიმართ ყველა შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, მასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში - რომელიც ძალიან სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება. ეს ყველა ფაქტორი ქმნის მიმზიდველობას და ინვესტორთა ინტერესს განაპირობებს. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კაპიტალდაბანდებაც მომგებიანია. ჩვენი გეგმაა, საშუალოვადიან პერიოდში გავზარდოთ ენერგიის წარმოება 4800 მეგავატიდან 12 500 მეგავატამდე 2035 წლისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამიტომ ინვესტიციები ამ და სხვა - მზისა და ქარის - ელექტროსადგურებში სარგებელს მოუტანს ინვესტორებსა და ქვეყანას. საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობა გავაფართოოთ. ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ამ დარბაზში ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პანელურ დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
ეს არის გაერთიანება, არა გაუქმება! ეს არ არის დაჩეხვა და ფრაგმენტაცია, რაც საბჭოთა მენტალიტეტიდან იყო. ეს არის გაერთიანება და რესურსების გაძლიერება - მარიამ ლაშხი თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე
03.02.2026.18:12
ეს არის გაერთიანება, არა გაუქმება! ეს არ არის დაჩეხვა და ფრაგმენტაცია, რაც საბჭოთა მენტალიტეტიდან იყო. ეს არის გაერთიანება და გაძლიერება რესურსების, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, რითაც გამოეხმაურა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების საკითხს.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ერის მომავალზე - განათლებაზე, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული იდეოლოგიის ხერხემალი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გარანტი!
ვაცნობიერებთ იმასაც, რომ განათლების რეფორმა პოლიტიკურად შეიძლება არაპოპულარული იყოს ვინაიდან ის შეიძლება პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ახორციელებს და იღებს გადაწვეტილებას მომავლისათვის, მომავალი თაობისა და სტრატეგიული ხედვით გათვლილი გადაწყვეტილებები არის საფუძველი ჩვენი ყველა ამ რეფორმის. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება საამაყო ნიშნული ჩვენი მმართველობის ისტორიაში.
მინდა რამდენიმე ელემენტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც მანიპულაციისა და ინტერპრეტაციის საკითხად იქცა.
პირველი - სასკოლო ასაკის საკითხი:
კანონმდებლობა დღემდე ითვალისწინებს, რომ ბავშვმა სკოლაში შესვლამდე უნდა შეასრულოს 6 წელი. თუმცა, 2022-2023 სასწავლო წლიდან გამონაკლისით მშობელს ეძლეოდა უფლება ნებაყოფლობით გადაწყვეტილება მიეღოთ ბავშვის ადრე ანუ 5 წლის ასაკში სკოლაში გაშვებაზე და ჩამკეტი იყო 31 დეკემბერი.
2-3 წლის განმავლობაში განათლების სამინისტროს დაკვეთით და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა: 6 წლამდე ბავშვებში ხშირად ვლინდება სერიოზული პრობლემები - დაღლა, სკოლის მიუღებლობა, დემოტივაცია, ფსიქიკური სტრესი. პედიატრები და ფსიქოლოგები ერთხმად აცხადებენ: ბავშვის სკოლისათვის მზაობა მოითხოვს სოციალურ, ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ მომწიფებას, რაც 6 წლის ასაკში ვითარდება.
მხოლოდ ამ სასწავლო წელს 8500-მდე მშობელმა ისარგებლა გამონაკლისით, თუმცა სასწავლო წლის დაწყებიდან კვირებში იწყებოდა მომართვიანობა ბავშვის უკან ბაღში დაბრუნების მოთხოვნით!
დღეს უკვე ქვეყანაში ფუნქციონირებს 2000-ზე მეტი საბავშვო ბაღი და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მოხდა ამ საბავშვო ბაღების უფასოზე გადასვლა და მათ შორის ის კვებითი უზრუნველყოფა, რაც დღეს მაღალი სტანდარტით არის დაცული ბაღებში. მათ შორის არსებობს 150 სასკოლო მზაობის ჯგუფი სკოლებში - უზრუნველყოფილია ბავშვის ასაკის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო! შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომ 6 წლის ასაკი იყოს მიღებული არის პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
მეორე - 11-წლიანი სისტემა და უფასო განათლება:
ჩვენი მოდელის შესაბამისად, ბოლონიის პროცესთან თავსებადობით, მე-12 კლასი იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო უმაღლესი განათლება საჯარო უნივერსიტეტებში უფასო იქნება - ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების იმისათვის, რომ თანაბარი შესაძლებლობები შეგვექმნა ყველა ქართველი ახალგაზრდისთვის!
გარდა ამისა, უზრუნველყოფილია სოციალური კომპონენტი - მათ შორის სტუდენტური ფორმების უზრუნველყოფა. ამ ფორმას უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფო მიზნობრივ ჯგუფებს. ტელეფონების გამოუყენებლობა უზრუნველყოფს ფოკუსირებას სწავლაზე, ხოლო თანამედროვე სახელმძღვანელოების განვითარება უზრუნველყოფს ცოდნის ეფექტურ შეთვისებას!
მესამე - თსუ-სტუ გაერთიანება:
რაც შეეხება ამ გაერთიანებას და იმ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას, რასაც მათ შორის ჩვენი კოლეგებისგანაც ვისმენთ. სამწუხაროა, რომ მათ შორის განათლების კომიტეტის წევრებისგან არ მოგვისმენია ალტერნატივა და ხედვა და არც საგნობრივი განხილვა არ მოყოლია ამას.
ხაზგასმით ვიმეორებთ: ეს არის გაერთიანება, არა გაუქმება! ეს არ არის დაჩეხვა და ფრაგმენტაცია, რაც საბჭოთა მენტალიტეტიდან იყო. ეს არის გაერთიანება და გაძლიერება რესურსების. თსუ-ს სტუდენტს ეხსნება სტუ-ს თანამედროვე ლაბორატორიები, სტუ-ს სტუდენტს - თსუ-ს უნიკალური არქივები! მსოფლიო მიდის ინტერდისციპლინარულობისკენ - პარიზ-საკლემ და არაერთი მაგალითია ამისა მათ შორის ფინეთის მაგალითი, რომელმაც სამი უნივერსიტეტი გააერთიანა და ამით ასეულში შეიყვანა ფინეთის უნივერსიტეტი.
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები მოხვდნენ მსოფლიო რეიტინგებში. მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ ჰარვარდი, ოქსფორდი, რა თქმა უნდა, ჩვენმა უდიდესმა ისტორიის მქონე უნივერსიტეტებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს, ჰარვარდზე და კემბრიჯზე მეტი წვლილი შეიტანეს ჩვენი ერის ფორმირებაში. ამისი უგულვებელყოფა არ არის თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ უნივერსიტეტის ეფექტიანობას განსაზღვრავს მსოფლიო რეიტინგი, რომლის 400-ეულშიც კი არ არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები. ამ რეფორმის ერთ-ერთი მიზანიც იქნება ის, რომ საერთაშორისო რეიტინგებში დავიმკვიდროთ თავი.
რაც შეეხება ქონების საკითხზე მანიპულაციას, ეს ქონება არის სტუდენტების და სტუდენტებსვე რჩება. კი არ ვასხვისებთ, ჩვენ მას სტუდენტებს ვუბრუნებთ გაფართოებული შესაძლებლობებით, გაძლიერებული სამუშაო სივრცეებით და გაორმაგებული რესურსებით.
ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა - გზა ძლიერი, განათლებული, თავისუფალი საქართველოს და ძლიერი ეკონომიკის ფორმირებაში“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.