პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესი არის თავისუფალი, უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილოს, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის.
„რაც შეეხება კონკრეტულად სააფთიაქო ქსელებს, აფთიაქებს, ერთი პროცესი უკვე გავიარეთ 2022 წელს, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესდა და ამან ბევრი მიმართულებით შედეგები მოგვცა კონკრეტულ მედიკამენტებზე, მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა. გვინდა, ამაზეც ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის. ასევე, სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა. თუ ავიღებთ ევროპულ ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის 35-40 პროცენტი სხვაობა ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ. ესეც საინტერესოა, რამდენად ეფუძნება ეს მაღალი ფასები მიწოდების ლოგიკურ ჯაჭვს. საქმე ეხება ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
მიმდინარე კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებით.
სხვა სიახლეები
ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ - ლაშა ავალიანი
02.04.2026.17:06
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.
„უკვე სტერილურ და მიკედლებულ ცხოველს ადგილზე ჩაუტარდება ვაქცინაცია და შეფასდება მისი მდგომარეობა, ხოლო არაიდენტიფიცირებული და არასტერილური ცხოველების გადაყვანა მოხდება და მათი რაოდენობა ყველა დაინტერესებულ პირს ეცოდინება. ისინი ასევე ინფორმირებულები იქნებიან გეგმა-გრაფიკის მიხედვით ამ ცხოველების დაბრუნების თაობაზეც, რომ კითხვის ნიშნები არ იყოს რა რაოდენობით წაიყვანეს და რა რაოდენობით დააბრუნეს, როგორც არის ახლა ზუგდიდის მაგალითზე - ხვალ უკვე დადასტურებულად ეცოდინება ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ 57 წაყვანილი ძაღლიდან, 57-ვე ეტაპობრივად დაბრუნდა იმავე ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ცხოველების მეპატრონეების პასუხისმგებლობის საკითხზე.
„მიმდინარე წელს, რეგიონების მიხედვით, მოხდება გარკვეული რაოდენობის ცხოველების სტერილიზაცია და კასტრაცია, ხოლო მომავალი წლიდან ეს ვალდებულება უკვე მეპატრონეს ექნება. სწორედ ამ გზით მივაწოდებთ ინფორმაციას პატრონიანი ცხოველების მფლობელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არიან მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი წყარო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში, ცოფის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაციის პარალელურად, მოხდება პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია, წინასწარი მონაცემებით იდენტიფიკაციას დაახლოებით 102 000 ცხოველი გაივლის, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმაა“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.