პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა - რა განიხილეს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას.
აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ესკალაციის პრევენციის მიმართულებებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება და საქართველოს მთავრობა მზად არის, მტკიცედ განაგრძოს თანამშრომლობა EUMM-თან, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმთან. პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა მისიის მანდატის 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელებას.
სხვა სიახლეები
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
06.04.2026.19:31
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარიძე.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს და აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობა საერთო ჯამში ერთნაირად ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული კავშირების უზრუნველყოფაში. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ არის ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ზრდას განაგრძობს.
ილჰამ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში. ილჰამ ალიევმა დაადასტურა მზაობა, რომ ერთობლივად გაგრძელდეს მუშაობა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.