პრემიერ-მინისტრი ნატოსთან საქართველოს ახლად დანიშნულ წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს თანამდებობეზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი ბერაია წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე - საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მუშაობდა.
ვარლამ ავალიანი 2021-2025 წლებში მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს, ასევე, 2019-2021 წლებში იყო ,,სტუდია მაესტრო"-ს აღმასრულებელი დირექტორი. ის 2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად, ხოლო 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობებს. ვარლამ ავალიანი 1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი სხვადასხვა ტელეკომპანიებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა
11.12.2025.16:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.