პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს დაასახელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრემიერ-მინისტრს ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რის თაობაზეც მე არ და ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მთავრობის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონსულტაცია პარტიულად, ჩვენთანაც. არჩევანი გაკეთდა რამდენიმე ძალიან ღირსეულ ადამიანს შორის და გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
16.04.2026.15:15
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.