პრემიერ-მინისტრი ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება ეკონომიკას, ევროპის დამოკიდებულებებს ეკონომიკის მიმართულებით, ასევე უერთდება საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით - ლევან ჟორჟოლიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება, EPC-ის სამიტის ფარგლებში, ევროპელ ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში, რომელიც შეეხება ეკონომიკას, ევროპის დამოკიდებულებებს ეკონომიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა დანიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე სამიტი იმართება.
„ჩვენთვის ეკონომიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მიხედვითაც ვართ ერთ-ერთი მოწინავე ევროპაში. უკვე რამდენიმე წელია, ამ ტრენდს ვინარჩუნებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემებზე გვექნება საუბარი. ასევე პრემიერ-მინისტრი უერთდება საფრანგეთის ინიციატივას, ნარკოტიკების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო, მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა და მისცა პასუხისგებაში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.14:21
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად რუსთავში საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნები იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სთავაზობს. 30 სექტემბერს გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.