პრემიერ-მინისტრი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს და ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა.
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში - ნიკოლოზ ლალიაშვილი, ევროპის საბჭოში კი საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თამარ ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში. იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. თამარ ტალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრი.
ნიკოლოზ ლალიაშვილი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში, ის აგრეთვე იყო პარლამენტის წევრი.
ხატია წილოსანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა წელს ის მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე, მათ შორის, იყო მინისტრის მოადგილე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.06.2025.23:32
პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდნენ.
ბათუმში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.
ხაზი გაესვა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერების აუცილებლობას, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროების ხელშეწყობას.