პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილება განიხილეს.
კანონში ცვლილებას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 23.
კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილებების საფუძველი გახდა 2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შესაძლო და დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების თაობაზე, რომელიც ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება.
მისი თქმით, გამოძიების დროს გამოვლინდა, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უნდა მოეწყოს ე.წ. კარვების ქალაქი, რომლის ტერიტორიაზეც იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება.
„გამომდინარე იქიდან, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ კონკრეტულ საკითხს და გვაქვს პოზიტიური ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონმდებლობაში ავსახოთ დამატებითი ნორმები, რომელიც პრევენციულად იმოქმედებს და მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად ავიცილოთ ნებისმიერი დესტრუქცია, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციებს დაემატება ახალი სანქცია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
სხვა სიახლეები
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
18.11.2025.16:36
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ლევან ჟორჟოლიანმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებით. აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის" (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი დაესწრნენ.